საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის წევრთა პატივსაცემად მიღება გაიმართა
საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის წევრთა პატივსაცემად მიღება გაიმართა

მწამს, რომ მეგობრობა საუკეთესო გამოსავალია – თუ ძლიერი მეგობრები გყავს, შენც ძლიერი ხარ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მონაწილეთა პატივსაცემად გამართულ მიღებაზე განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, ანდრიან კანდუს, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბის და ასამბლეის სხვა წევრებს უმასპინძლა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს სიტყვით მიმართა. ირაკლი კობახიძემ სამ ქვეყანას შორის მეგობრობისა და საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მწამს, რომ მეგობრობა საუკეთესო გამოსავალია. თუ ძლიერი მეგობრები გყავს, შენც ძლიერი ხარ. ჩვენი პირველი შეხვედრიდან სულ რაღაც ერთი წელია გასული და ამ საკმაოდ მოკლე პერიოდში შევძელით, რომ ჩვენი მეგობრობა გაგვეღრმავებინა და გაგვეძლიერებინა. თავისთავად, ეს გულისხმობს ჩვენს სამ ქვეყანასა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტებს შორის მეგობრობას.

გუშინ ისტორიული დღე გვქონდა – დავაფუძნეთ სამი ქვეყნის საპარლამენტო ასამბლეა. ცხადია, ეს დღე ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო სტრატეგიულ დონეზე გადაიყვანს და ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები გახდება კიდევ უფრო მტკიცე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სტუმრების პატივსაცემად და „თბილისობა 2018“-ის აღსანიშნავად გაიმართა კონცერტიც.