„კოტეს თასის“ გამარჯვებული საქართველოს მედიანაკრები გახდა. ერთდღიანი ტურნირი საინტერესო ფინალით დასრულდა, რომელიც გუნდმა დამაჯერებლად მოიგო.
ლეგენდარული ქართველი სპორტული კომენტატორის, კოტე მახარაძის თასის გათამაშება წელს თბილისში მეოთხედ გაიმართა. საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირს „ინტერ საქართველოს“ აკადემიამ უმასპინძლა. მთავარი პრიზისთვის რვა ნაკრები იბრძოდა, მათგან ორი საქართველოს წარმოადგენდა.
გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები რუმინელი კოლეგების გუნდს დაუპირისპირდა. ჩვენი მედიანაკრები პირველ ტაიმში 0:1 აგებდა, მაგრამ მეტოქის წინააღმდეგობა დასძლია და 4:2 გაიმარჯვა.
„კოტეს თასი“ საქართველოს სპორტის სამინისტროსა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა, ორგანიზატორი კი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია იყო, რომელიც 2024 წლის მაისში ბათუმში პირველი მედიათამაშების ჩატარებას გეგმავს.