საქართველოს ხელბურთის ნაკრების მოთამაშე - იაკობის მსგავსი მწვრთნელი გვჭირდება, დიდ ტურნირზე რომ ვითამაშოთ
საქართველოს ხელბურთის ნაკრების მოთამაშე - იაკობის მსგავსი მწვრთნელი გვჭირდება, დიდ ტურნირზე რომ ვითამაშოთ

ხელბურთის ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, სანდუ ფლორინ იაკობის დანიშვნაზე საქართველოს პირველ არხთან კომენტარი პორტუგალიური „ბრაგას“ და საქართველოს ნაკრების მოთამაშემ ერეკლე არსენაშვილმა გააკეთა.

„უკვე ოთხი დღეა, რაც ნაკრები ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად შეიკრიბა და მისი ხელმძღვანელობით ემზადება. ყველას კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ საქართველოს ნაკრებს ძლიერი სპეციალისტი სჭირდებოდა, სანდუ იაკობი კი სწორედ ასეთია. მოთამაშეები ფორმაში არიან და იმედი მაქვს, რომ ერთობლივი მუშაობით წარმატებებს მივაღწევთ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ერეკლე არსენაშვილი.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების 22 წლის მოთამაშის თქმით, რუმინელი მაღალი დონის სპეციალისტია, რომელსაც გუნდის მაღალ საფეხურზე აყვანა შეუძლია.

„წარმატებაში ნაკრების თამაშის ხარისხს და უპირველესად, შედეგს ვგულისხმობ. ხელბურთელთა ნაკრების ყველა წევრს გვსურს, რომ ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშოთ. ჩვენს ნაკრებში ამის რესურსი არის. შემადგენლობას თუ გადახედავთ, ბევრი მოთამაშე გვყავს საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, პორტუგალიაში. ამ რესურსის გამოყენებას ბევრი შრომა და დრო სჭირდება. სანდუ იაკობს ამ იმედს ვუკავშირებთ“.

საქართველოს ნაკრებს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპის მატჩები უნდა გაემართა, მაგრამ ეპიდმგომარეობის გამო ტურნირი გადაიდო. ნაკრების შეკრება დაგეგმილი იყო და იაკობმა აღარ გადადო, რადგან გუნდის წევრების გაცნობა სურდა.

დატოვე კომენტარი