საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი - შევეცდებით, კიდევ ერთხელ გავაოცოთ ხელბურთის სამყარო #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი - შევეცდებით, კიდევ ერთხელ გავაოცოთ ხელბურთის სამყარო #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი უნგრეთის გუნდთან სტუმრად ერთი ბურთის სხვაობით 31:30 მოიგო. ამ წარმატების წყალობით საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული გუნდი ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

„საქართველოს ნაკრების წევრებმა საოცარი თამაში შემოგვთავაზეს“, – განაცხადა სპორტული თოქ-შოუესტაფეტას“ ეთერში სტუმრობისას საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვახტანგ მეიფარიანმა და დასძინა, რომ რთული თამაშის მიუხედავად, ბიჭებმა მოძებნეს გზა და შესაძლებლობების მაქსიმუმი სრულად გამოავლინეს.

„ეს წარმატება იმ დიდი ტრადიციის გამოძახილია, რომელმაც 60-იან წლებში საქართველოს ხელბურთის სახით ძალიან დიდი აღიარება მოუტანა. ევროპის ჩემპიონატზე თამაში შესაძლებლობას მოგვცემს ელიტურ გუნდებს შორის ჯერ ადგილი დავიმკვიდროთ, შემდეგ კი უკვე სერიოზული გამარჯვებებისთვის ვიბრძოლოთ.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით – უნგრეთის ნაკრები იყო ჯგუფის ლიდერი, რომელმაც ფინალური ეტაპის საგზური რამდენიმე ტურით ადრე გაინაღდა, ძალიან ძლიერი იყო შვეიცარიის გუნდი, მაგრამ იქ ჩვენ სიურპრიზი შევთავაზეთ ამ ნაკრებს და წამები დაგვაკლდა შეხვედრა ფრედ დაგვესრულებინა. ლიეტუვის გუნდთან გვქონდა შესანიშნავი თამაში და თბილისში 14 ქულით მოვუგეთ მეტოქეს, მაგრამ გასვლაზე არასტაბილურად ვითამაშეთ და წავაგეთ.

შვეიცარიასთან საკუთარ მოედანზე წაგებული თამაში ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური წნეხი იყო, მაგრამ სამ დღეში ბიჭებმა, მწვრთნელთა საბჭოს წევრებთან ერთად, სტრესი დაძლიეს და ყველა ერთად გაგვახარეს.

ევროპული ხელბურთის სამყაროს წარმომადგენლები გაკვირვებულები არიან და ყველა გვილოცავს ამ დიდ შედეგს.

საქართველოს ნაკრების 16 წევრიდან 12 ლეგიონერია, ყველა მათგანი ევროპის წამყვანი გუნდის მოთამაშეა. 25 წლის თეიმურაზ ორჯონიკიძე, რომელიც კაპიტანია, ჩვენს გუნდში ყველაზე ასაკოვანი ხელბურთელია, ჩვენი ბიჭები ევროპის ჩემპიონატზე თამაშით ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებენ.

წელს ასევე გვასახელეს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს. მსოფლიო ჩემპიონატი 2-დან 13 აგვისტოს ზაგრებში გაიმართება. წილისყრის  შედეგად 32 გუნდი 8 ჯგუფში გადანაწილდა, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ნორვეგიის, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდებს დაუპირისპირდება.

ჩვენ შევძლებთ, რომ როგორც ეროვნული, ასევე ახალგაზრდული გუნდის წევრებისთვის მზადების ყველა ეტაპი იყოს სრულყოფილი და კიდევ ერთხელ გავაოცოთ ხელბურთის სამყარო“, – განაცხადა ვახტანგ მეიფარიანმა.

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საუკეთესო მესამეადგილოსნების ოთხეულში მოხვდა და ისტორიაში პირველად კონტინენტის პირველობაზე ითამაშებს.

ევრო პირველობა 2024 წლის 10-დან 28 იანვარის ჩათვლით გერმანიაში ჩატარდება.