საქართველოს კალათბურთის ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ლატვიაში უკრაინასთან მატჩისთვის 13 კალათბურთელი წაიყვანა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთის ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ლატვიაში უკრაინასთან მატჩისთვის 13 კალათბურთელი წაიყვანა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე მატჩს უკრაინასთან ლატვიაში გამართავს. ჩვენი გუნდი რიგაში 29 ივნისს ღამით გაემგზავრა. მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ამ მეტად მნიშვნელოვანი მატჩისთვის 13 კალათბურთელი შეარჩია.

ილიას ზუროსი:

„თბილისში ნაყოფიერი შეკრება და მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ. დავამუშავეთ კომბინაციები და უკვე ვიცით, მეტოქეს რა ტაქტიკით უნდა ვეთამაშოთ. უკრაინა საკმაოდ ძლიერი ნაკრებია და მასთან მოსაგებად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება. რაც მთავარია, ბიჭები მზად არიან და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ“.

გოგა ბითაძე:

„ამ შეხვედრებს ძალიან კარგი განწყობით ვხვდებით. რაც მთავარია, ჯანმრთელობის პრობლემა არავის აწუხებს. წინ მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება. გადამწყვეტი ეტაპია, შანსი გვაქვს ისტორიაში პირველად მოვხვდეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“.

დუდა სანაძე:

„შეიძლება ითქვას, რომ უკრაინასთან მატჩი ამ ჯგუფის ერთგვარი ფინალია, აქ მოგება მომდევნო ეტაპზე დიდი უპირატესობა იქნება, სერიოზულად ვემზადებით და ვიბრძოლებთ წარმატებისთვის“.

შეგახსენებთ, რომ 1 ივლისს, საქართველოს ნაკრებისა და ლატვიის ნაკრების შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.