საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი პორტუგალიაში მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მერვე მატჩი პორტუგალიაში გამართა. მეტისმეტად დაძაბულ შეხვედრაში გაიმარჯვა საქართველომ – 98:90.
ურთიერთშეხვედრამდე როგორც პორტუგალიას, ისე საქართველოს ჯგუფში 4 მოგება ჰქონდათ. ეს გუნდები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტები არიან. გამარჯვება ნებისმიერისთვის დიდი ნაბიჯი იქნებოდა მიზნისკენ, რადგან ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატზე მხოლოდ სამი საუკეთესო გადის.
წინასწარი პროგნოზების მიხედვით, ფავორიტის სტატუსი საქართველოს ჰქონდა. ეს ლოგიკურიც იყო, რადგან თუ პორტუგალიას ერთი NBA-ელი ჰყავს, ჩვენს გუნდში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორი მოთამაშეა, გვყავს ევროლიგის საუკეთესო ფორვარდი და მაღალი დონის ამერიკელი გამთამაშებელი.
ასეთი ხარისხის გუნდებთან მეტოქეები გამარჯვების გასაღებს დაცვაში ეძებენ. პორტუგალიაც ასე იყო. თავიდანვე გამოჩნდა მწვრთნელის მითითება – მაქსიმალურად შეეშელათ ხელი ქართველების ინდივიდუალური თუ კომბინაციური თამაშისთვის. მასპინძლები უმეტეს შემთხვევაში ქართველ ლიდერებზე ბურთის მიღებისთანავე ჯარიმდებოდნენ, პირველ ტაიმში საქართველოს უკვე 20 საჯარიმო ჰქონდა ნასროლი და 18 ჩაგდებული (საბოლოოდ 32-დან 27).

„ბოსტონ სელტიკსის“ ცენტრი კეტა ფარქვეშ ბევრს იბრძოდა, ბურთსაც ხსნიდა, პასებსაც კარგად არიგებდა და აგდებდა კიდეც. იყო მომენტი, როცა პირველ ტაიმში პორტუგალია 22:11 დაწინაურდა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა სტაბილური თამაშით სხვაობა ნელ-ნელა შეამცირა და პირველი ტაიმის ბოლო წამზე მამუკელაშვილის სამქულიანის შემდეგ პორტუგალია მხოლოდ ერთი ქულითღა იგებდა – 42:41.
მეორე ტაიმში რატი ანდრონიკაშვილის ჩაჭრის, სამქულიანისა და მამუკელაშვილის 2+1 ქულის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა მოიპოვა – 57:52. მეოთხე პერიოდის წინ საქართველო 70:66 დაწინაურდა.
უნდა აღინიშნოს ალექსანდრე ჯიკიჩის სტრატეგიული ჩანაფიქრი. ისევე როგორც მონტენეგროსთან, საქართველოს ნაკრებმა დაცვაში აგრესია მეოთხე პერიოდში გაამძაფრა, შეტევაში კი ტემპს ძალიან უმატა, რისთვისაც პორტუგალიელები მოუმზადებლები აღმოჩნდნენ და საქართველო მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 87:71 დაწინაურდა. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს რატი ანდრონიკაშვილისთვის ყველაზე შედეგიანი მატჩი იყო საქართველოს ნაკრებში. მას 2022 წელს ესპანეთთან 17 ქულა ჰქონდა ჩაგდებული, ხოლო პორტუგალიაში 20 ქულამდე ავიდა, რასაც 4 ჩაჭრა მიამატა. შეხვედრის ბომბარდირი თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო, მამუკელაშვილის ანგარიშზე კი 22 ქულაა.
ამავე ჯგუფში ათენში საბერძნეთის ნაკრებმა დამატებით დროში დაამარცხა ესპანეთი – 108:106.
სატურნირო მდგომარეობა
| თ | მ | წ | სხ | ქ | |
| 1. ესპანეთი | 8 | 5 | 3 | +91 | 13 |
| 2. საქართველო | 8 | 5 | 3 | +23 | 13 |
| 3. პორტუგალია | 8 | 4 | 4 | +34 | 12 |
| 4. უკრაინა | 7 | 5 | 2 | +51 | 12 |
| 5. საბერძნეთი | 8 | 4 | 4 | +21 | 12 |
| 6. მონტენეგრო | 7 | 4 | 3 | -50 | 11 |
I ჯგუფი
26 ნოემბერი, 2026
მონტენეგრო-ესპანეთი
პორტუგალია-უკრაინა
საბერძნეთი-საქართველო
29 ნოემბერი, 2026
ესპანეთი-საბერძნეთი
უკრაინა-მონტენეგრო
საქართველო-პორტუგალია
26 თებერვალი, 2027
პორტუგალია-ესპანეთი
საბერძნეთი-უკრაინა
მონტენეგრო-საქართველო
1 მარტი, 2027
ესპანეთი-მონტენეგრო
უკრაინა-პორტუგალია
საქართველო-საბერძნეთი