საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები რიგაში ლატვიის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები რიგაში ლატვიის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ, მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი რიგაში, „არენა რიგაზე“ ლატვიას შეხვდა და 57:82 დამარცხდა.

 

ილიას ზუროსის გუნდმა იაპონიისკენ მიმავალ გზაზე ორი საკონტროლო თამაში უკვე ჩაატარა. იტალიაში ჩვენმა გუნდმა ეგვიპტესთან – 76:81, ხოლო კაუნასში ლიეტუვასთან 102:104 წააგო.

ლატვიას საქართველოსთან ამხანაგურ მატჩში ოთხი გამორჩეული მოთამაშე დააკლდა – კრისტაფს პორჟინგისი, იანის ტიმა, დავის ბერტანსი და ანჟეს პაშეჩნიკი. საპირისპიროდ, ილიას ზუროსმა, როგორც ეს ლიეტუვასთან შეხვედრაში მოხდა, „ორლანდოს“ ცენტრი გოგა ბითაძე მოისაკლისა. გოგას ტრავმა აქვს და ნაკრების სამედიცინო შტაბი მის მოედანზე გაშვებას არ რისკავს.

მატჩი საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო, პირველ მეოთხედში ძალიან აქტიური იყო გიორგი შერმადინი, რომელმაც საწყის 10 წუთში 8 ქულა დააგროვა. ლატვიელებმა სათამაშო რიტმი მეოთხედის ბოლოს იპოვეს და მხოლოდ მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ – 19:20.

მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრების მხრიდან შეტევაში აქტიური იყო თორნიკე შენგელია. ილიას ზუროსის გუნდის შეტევითი სქემა, დიდწილად, კაპიტანის ინდივიდუალურ ოსტატობაზე იყო დაფუძნებული. ქართველ კალათბურთელებს მატჩის ამ მონაკვეთში პერიმეტრის დაცვა გაუჭირდათ. ლატვიელებმა რამდენჯერმე ბურთი კარგად გაითამაშეს, რის შედეგადაც მათი მოთამაშეები სამქულიანის ხაზზე მარტო რჩებოდნენ, მათ ტაიმში სამქულიანები 44%-იანი სიზუსტით ისროლეს.

საქართველოს ნაკრებს ასევე ძალიან უჭირდა მეტოქის სწრაფი შეტევების შეჩერება. მეორე მეოთხედის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ლატვიელები წინ 7 ქულით გაიქცნენ. მეტოქე მარტივად ქულების აღებას ამის შემდეგაც ახერხებდა, მათ იერიშებს კი ქართველი კალათბურთელები რთული სიტუაციებიდან სროლებით პასუხობდნენ, ძირითადად, უშედეგოდ. საბოლოოდ, პირველი ტაიმი ბალტიისპირელთა გამარჯვებით დასრულდა – 45:39.

შეხვედრის მესამე მეოთხედი 7:0 გაქცევით ისევ ლატვიელებმა დაიწყეს. ისინი პარკეტზე ძალიან თავისუფლად მოქმედებდნენ. ამ მეოთხედის ბოლოს ილიას ზუროსმა თამაშში ახალწვეულები – კაკუშაძე და ლიკლიკაძეც ჩართო. ჯამში მესამე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 10 ქულა დააგროვა, მეტოქემ კი 20 ჩააგდო და უკანასკნელი მეოთხედის წინ შესვენებაზე 16-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

მეოთხე მეოთხედშიც სხვაობა ლატვიელთა სასარგებლოდ იზრდებოდა. პირველ 3 წუთში ზუროსის კრებულმა ქულა საერთოდ ვერ აიღო და ბერძენ სპეციალისტს ტაიმაუტის აღება მოუხდა. პირველი ქულები „ჯვაროსნებმა“ მეოთხედის დასრულებამდე 6 წუთით ადრე აიღეს. აქტიური იყო დუდა სანაძე, რომელმაც თავის გუნდს ზედიზედ 4 ქულა შესძინა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ლიეტუვასთან მატჩის მსგავსად საქართველომ თამაშში დაბრუნება ვეღარ შეძლო (ბოლო მეოთხედში ნაკრებმა მხოლოდ 8 ქულა აიღო). საბოლოოდ, ზუროსის გუნდმა 25-ქულიანი სხვაობით წააგო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო 14 ქულითა და 7 მოხსნით გიორგი შერმადინი იყო, 11 ქულა ჰქონდა თორნიკე შენგელიას. სანდრო მამუკელაშვილი ეროვნულ გუნდს 7 ქულითა და 9 მოხსნით დაეხმარა. ლატვიელები გუნდურად გაისარჯნენ და მათი მხრიდან მატჩის ბომბარდირი აიგარს შკელე იყო 16 ქულით.

საქართველოს ნაკრების განრიგი მსოფლიო ჩემპიონატამდე:

12 აგვისტო I თბილისი I საქართველო – იორდანია
13 აგვისტო I თბილისი I საქართველო – ირანი/მონტენეგრო
14 აგვისტო I თბილისი I საქართველო – ირანი
22 აგვისტო I ოკინავა I საქართველო – ავსტრალია

შეგახსენებთ, ისევე როგორც საქართველოს ნაკრები, ლატვიაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. მუნდიალზე მისი მეტოქეები იქნებიან ლიბანი, საფრანგეთი და კანადა. საქართველო კი F ჯგუფში სლოვენიასთან, კაბო ვერდესთან და ვენესუელასთან ერთად ითამაშებს.