საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ამხანაგურ მატჩში პოლონეთთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ამხანაგურ მატჩში პოლონეთთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. გუნდი ამჟამად პოლონეთშია, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან საკონტროლო შეხვედრა გამართა და 89:94 დამარცხდა.

ქართველებისთვის ეს იყო მეოთხე ამხანაგური მატჩი ევრობასკეტის გზაზე. ყოველ მატჩს სხვადასხვა დატვირთვა აქვს, თუმცა ისრაელთან, ესტონეთთან და ლიეტუვასთან გამართული შეხვედრების მიხედვით რთული იყო დასკვნების გამოტანა. ვერც პოლონეთის ნაკრებთან მატჩი მოგვცემს იმ სურათს, როგორსაც ევრობასკეტზე ველით. მით უმეტეს, რომ კაპიტან თორნიკე შენგელიას არ უთამაშია. იგი მომდევნო მატჩში, ჩეხეთთან უკვე საქართველოს ნაკრებთან ერთად იქნება.

ჩვენმა გუნდმა პირველი ტაიმი გაცილებით უკეთ ჩაატარა, ვიდრე მეორე. თავიდანვე გამოჩნდა, რომ მწვრთნელი ალექსანდარ ჯიკიჩი პოლონელებთან აგრესიულ დაცვას ცდიდა. მეტოქეს პერიმეტრიდან ჩაგდებაც გაუჭირდა და სამწამიანიდანაც, ქულების უმეტესობას საშუალო დისტანციიდან აგროვებდა.

პირველ ნახევარში პოლონელებმა ფარქვეშ რამდენიმეჯერ სცადეს თამამად შესვლა, მაგრამ ბითაძის ეფექტურმა დაფარებებმა მალე ამის სურვილიც გაუქრო. პირველ ტაიმში ჩვენს ნაკრებს პერიმეტრიდან ტყორცნები წაუვიდა და 51:43 მოგებაც ლოგიკური იყო.

დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნა, ბოლო წამებამდე თანაბარი თამაში გაჩაღდა. გადამწყვეტ მომენტში უკეთ პოლონელებმა ისროლეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც.

მეოთხე პერიოდში მეტად არასასიამოვნო მომენტი ვიხილეთ – დაცვაში თამაშისას კოჭი გადაუბრუნდა რატი ანდრონიკაშვილს, რომელმაც მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო.

საქართველოს ნაკრების ბომბარდირი გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც 20 წუთში 18 ქულა ჩააგდო, გოგა ბითაძეს 14 ქულა, 3 დაფარება და 6 მოხსნა ჰქონდა; მამუკელაშვილს – 16 ქულა, 4 პასი; სანაძეს – 12 ქულა; ანდრონიკაშვილს – 11; ბურჯანაძეს – 9 ქულა და 4 პასი; ბოლდუინს – 5 ქულა და 4 პასი.

ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი მომდევნო შეხვედრას 19 აგვისტოს ჩეხეთთან გამართავს, ევრობასკეტს კი 28 აგვისტოს ესპანეთთან მატჩით დაიწყებს.