საქართველოს გამო მეორე მწვრთნელი მოხსნეს - ყაზახეთს „დინამოს“ ყოფილი დამრიგებელი გაწვრთნის
საქართველოს გამო მეორე მწვრთნელი მოხსნეს - ყაზახეთს „დინამოს“ ყოფილი დამრიგებელი გაწვრთნის

სტანიმირ სტოილოვი მეორე მწვრთნელია, რომელიც საქართველოს ნაკრებმა შეიწირა – ის ყაზახეთის ნაკრებს აღარ გაწვრთნის.

სტოილოვს, ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ, ერთა ლიგაზე „ჯვაროსნებთან“ წარუმატებლობა არ აპატია, ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა და შემცვლელი მოუძებნა.

„ჩვენ გვქონდა დიდი პრობლემები მოთამაშეთა სათამაშო ტონუსთან დაკავშირებით. ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით ეროვნული ნაკრების ყველა საკვანძო მოთამაშემ, საკუთარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. გაზაფხულზე კი ფეხბურთელები შესანიშნავ ფორმაში იყვნენ და შედეგად გასვლაზე უნგრეთს 3:2 მოვუგეთ, ბულგარეთთან კი, წაგების მიუხედავად (1:2) თანაბრად ვითამაშეთ. მოთამაშეებისთვის მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მთავარია, რაც ჩვენ ვერ მოვაგვარეთ“ – განაცხადა სტოილოვმა.

საინტერესოა, რომ სტოილოვის ნაცვლად ყაზახეთს ფეხბურთის ფედერაციამ თბილისის „დინამოს“ ყოფილი დამრიგებელი, ჩეხი მიხალ ბილეკი დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, მწვრთნელი პირველად ლატვიელებმა დაითხოვეს – ფინელ სპეციალისტს მიკსუ პაატალაინენს, ლატვიის ფეხბურთის ფედერაციამ კონტრაქტი აღარ გაუგრძელა.