საქართველოს ფუტსალის ნაკრებს პორტუგალიასთან წაგება ჩაუთვალეს - ქართულმა მხარემ უეფა-ს გადაწყვეტილება გაასაჩივრა #1TSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრებს პორტუგალიასთან წაგება ჩაუთვალეს - ქართულმა მხარემ უეფა-ს გადაწყვეტილება გაასაჩივრა #1TSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრები უეფა-მ დასაჯა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში პორტუგალიასთან (2:4) ტექნიკური წაგება, 0:5 ჩაუთვალა – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ფუტსალის ასოციაციაში დაუდასტურეს.

აღნიშნული სასჯელის მიზეზად ნატურალიზებული მოთამაშეების წესის დარღვევა დასახელდა, მაგრამ კონკრეტულად რომელი წესი დაარღვია საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა, მითითებული არ არის. იმავე საბაბით უეფა-მ ტექნიკური მარცხი (0:5) ჩაუთვალა ჩვენს ჯგუფში სომხეთის ნაკრებს შინ ფინეთთან (სომხეთმა 2:3 წააგო).

საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ უეფა-ს გადაწყვეტილება (რომელიც პორტუგალიელების სარჩელის საფუძველზე მიიღეს) უკვე გაასაჩივრა. სადისციპლინო კომიტეტი საკითხს 16 ნოემბერს განიხილავს.

საინტერესოა, რომ ფეხბურთელების ნატურალიზაცია ფუტსალში მიღებული პრაქტიკაა. იტალია ევროპის ჩემპიონი 10 ბრაზილიელით გახდა, შვიდი ბრაზილიელი დაეხმარა რუსეთსა და ყაზახეთს მსოფლიოსა და ევროპის ვიცე-ჩემპიონობის მოპოვებაში. ევროპის შესარჩევ პლეი ოფში, საქართველოსთან თამაშის წინა ღამეს მისცეს რუმინეთის ნაკრებში თამაშის უფლება ბრაზილიელ ლეგიონერს, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ჩვენი ინფორმაციით, უეფა-ში საქართველოს მხარის გამარჯვებით არიან დაინტერესებული იტალიის, რუმინეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ფუტსალის ასოციაციები, რადგან გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში მათაც ანალოგიური პრობლემები შეექმნებათ, ხოლო ფინეთს საქართველოსთან ორივე მატჩში მოგება ჩაეთვლება, 10 ქულას დააგროვებს და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებას, ფაქტობრივად, უბრძოლველად მოიპოვებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრები (რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა და რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა) უეფა-ს ბოლო რეიტინგში რეკორდულ მე-6 ადგილზე აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრები ასწრებს ხორვატიას, იტალიას, საფრანგეთს, აზერბაიჯანს, სერბეთს. თუმცა, რუსეთის ნაკრების არყოფნის გამო, საქართველო რეალურად მეხუთე პოზიციაზეა და ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრისას გუნდი პირველ კალათაში მოხვდება.