საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთი მეორე ტესტმატჩშიც დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის გუნდს დაუპირისპირდა და მშრალი ანგარიშით დაამარცხა – 3:0.
ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ორი დღის წინ გამართული პირველი შეხვედრა 2:0 მოიგო. საქართველოს ნაკრებმა ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ კვლავ დამაჯერებლად ითამაშა, უპირატესობას პირველივე წუთებიდან დაეუფლა და დამსახურებულად მოიგო.
ანგარიში მე-5 წუთზე შოთა თოფურიამ გახსნა და ტაიმი 1:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრების უპირატესობა ჯერ გიორგი ჩიმაკაძემ (22) გაზარდა, ხოლო საბოლოო შედეგი ვახტანგ ჯვარაშვილმა (38) დააფიქსირა, რომელმაც გოლი საკუთარი ნახევრიდან გაიტანა.
რუმინეთთან ამხანაგური შეხვედრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. საქართველოს ნაკრები 11 აპრილს საკვალიფიკაციო ეტაპის მეინრაუნდის მატჩს კოსოვოსთან სტუმრად გამართავს, ხოლო 16 აპრილს საფრანგეთს უმასპინძლებს.