საქართველოს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი - ასე რუსეთთან მატჩისთვის უკეთ მოვემზადებით
საქართველოს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი - ასე რუსეთთან მატჩისთვის უკეთ მოვემზადებით

ფუტსალის ლიგაში 2021 წლის ჩემპიონატის პირველი ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „თელასმა“ ლიგის დებიუტანტი, კავკასიის უნივერსიტეტი დაძაბულ ბრძოლაში 3:1 დაამარცხა.

„თელასის“ და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ავთანდილ ასათიანი დარწმუნებულია, რომ წლევანდელი ჩემპიონატი დაძაბული იქნება და ეს მოთამაშეთა საერთო დონეზე სასიკეთოდ აისახება.

„15 წელია ფუტსალის ჩემპიონატის აქტიური მონაწილე ვარ და ასეთი რთული ჩემპიონატი ჯერ არ მახსენდება. სეზონის ბოლოს მონაწილეთა დონე აუცილებლად გაიზრდება“, – ამბობს ავთანდილ ასათიანი.

2 თებერვალს საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროშესარჩევ ციკლში რუსეთის ნაკრებს თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში უმასპინძლებს. ჩემპიონატის ნაადრევი სტარტი სწორედ ამით იყო განპირობებული, რომ საქართველოში მოთამაშე ნაკრების წევრები თამაშს უკეთეს ფორმაში შეხვდნენ.

„ჩემპიონატის ადრეულად დაწყება იმიტომაა სასურველი, რომ 2 თებერვალს რუსეთის ნაკრებთან შეხვედრა გველის. ვერ ვიტყვი, რომ ამ მცირე ხანში ნაკრების წევრები ოპტიმალურ ფორმაში შევლენ. მაგრამ უთამაშებლობას ისევ ეს სჯობს – მანამდე ორი ტურის თამაშები და ვარჯიშები გვექნება და ასე რუსეთთან მატჩისთვის უკეთ მოვემზადებით“, – აცხადებს საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.