საქართველოს ფრენბურთის ნაკრების მწვრთნელი - მოთამაშეების დეფიციტია, კალათბურთს მაღალი ბიჭების ნაწილი მაინც უნდა წავართვათ #1TVSPORT
საქართველოს ფრენბურთის ნაკრების მწვრთნელი - მოთამაშეების დეფიციტია, კალათბურთს მაღალი ბიჭების ნაწილი მაინც უნდა წავართვათ #1TVSPORT

7-9 მაისს თბილისში მამაკაცებს შორის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართა. მატჩებს ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენამ უმასპინძლა.

საქართველოს ნაკრების ჯგუფში მოხვდნენ საბერძნეთის, მონტენეგროს და აზერბაიჯანის ნაკრებები. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა სამივე მატჩი წააგო.

საქართველოს ფრენბურთის ნაკრების მწვრთნელი სოსო ლობჟანიძე საქართველოს პირველ არხთან ამბობს, რომ შედეგებამდე მთავარი სახეობის პოპულარიზაციისა და მასობრიობის გაზრდაა.

„პანდემიამ ხელი ძალიან შეგვიშალა და ნორმალურად ვერ ვვარჯობდით. ორი კვირის დაწყებული გვქონდა მომზადება, როდესაც კორონავირუსი დაფიქსირდა და თვითიზოლაციაში გადავედით. მეორეს მხრივ, ნაკრებში უფროსი თაობის მოთამაშეებიც ვერ დაგვეხმარნენ. ამიტომ ძირითადად, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ვათამაშეთ, რომელთა უმრავლესობაც 20-წლამდე ასაკისაა. ამიტომ ჩვენთვის მთავარი იყო, მათ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფური ეტაპის მატჩებში გამოცდილება მიეღოთ,“ – განაცხადა სოსო ლობჟანიძემ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელის თქმით, ეს გამოცდილება მოთამაშეებს სამომავლოდ წაადგებათ:

„გამოცდილება სამომავლოდ წაადგებათ. რაც მთავარია, ვიცით, როგორ უნდა ვიმუშაოთ, რა უნდა გავაკეთოთ და წინსვლას რის ხარჯზე შევძლებთ, რომ უკეთესი შედეგები დავდოთ“.

სოსო ლობჟანიძემ პრობლემებზე ილაპარაკა:

„ჩვენი მთავარი ამოცანაა ფრენბურთი მასობრივი გავხადოთ. ესაა ფრენბურთის ფედერაციის ყველაზე დიდი საზრუნავი. დღესაც ნახეთ მონტენეგროელებთან სიმაღლეში რამხელა სხვაობა იყო, ჩვენთან მაღალი ბიჭების უმრავლესობა კალათბურთზე შედის, არადა, მაღალი მოთამაშეები ძალიან გვჭირდება. კალათბურთს მაღალი ბიჭების მცირე ნაწილი მაინც უნდა წავართვათ“.