საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ფიფა-ს კონფედერაციათაშორის სემინარში მონაწილეობდნენ #1TVSPORT
ფიფა-ს ორგანიზებითა და ავსტრიის ფეხბურთის ასოციაციის მხარდაჭერით, ვენაში ევროპული და აფრიკული წევრი ასოციაციებისთვის, კონფედერაციათაშორისი სემინარი ჩატარდა, რომელშიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
უეფა-სა და აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის ზონებიდან მონაწილეობისთვის მხოლოდ 5-5 წევრი ასოციაციის მენეჯერები შეარჩიეს. ევროპიდან ფინეთი, მოლდოვა, უელსი, ავსტრია და საქართველო, ხოლო აფრიკიდან – გაბონი, მაროკო, სენეგალი, ტანზანია და კამერუნი.
თითოეული წევრი ასოციაცია წარმოდგენილი იყო ერთი ან ორი დელეგატით, რომლებმაც საკუთარი კომპეტენციის სფეროებში ერთმანეთს გამოცდილება და შეხედულებები გაუზიარეს. სემინარზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ირაკლი ნაკაიძე და გიორგი ფირცხელანი წარადგენდნენ.
მონაწილე ასოციაციებთან კონსულტაციის შედეგად სემინარის ხუთი პრიორიტეტული მიმართულება გამოვლინდა, მათ შორის ელიტური საკლუბო შეჯიბრების მდგრადობის ხელშეწყობა, საფეხბურთო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების გაზრდა და ქალთა ფეხბურთის განვითარების დაჩქარება. ამის შესახებ ისაუბრეს ტანზანიის, ავსტრიისა და ფინეთის ასოციაციების წარმომადგენლებმა.
საქართველოს, მოლდოვისა და მაროკოს დელეგატებმა საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობაზე ისაუბრეს, უელსის ასოციაციის წარმომადგენელმა – ფინანსურ კონტროლსა და მმართველობაზე, ხოლო სენეგალელმა და გაბონელმა სტუმრებმა – ახალგაზრდული ფეხბურთისა და მსაჯთა განვითარებაზე.
ამ პლატფორმით ფიფა ხელს უწყობს სტანდარტების ამაღლებას, ინოვაციებისა და კონფედერაციებს შორის პარტნიორობის წახალისებას, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს სახეობის ზრდას და განვითარებას.
ეს ინიციატივა ასახავს ფიფა-ს ფართო ხედვას ერთიანობის, სოლიდარობისა და პროგრესის შესახებ და, როგორც ფეხბურთში ყველა დონეზე განვითარების ხელშემწყობი ორგანიზაცია, ხაზს უსვამს საკუთარ როლს.