საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია უეფა-ს ვიდეკონფერენციაზე - ბელარუსთან მატჩი უსაფრთხო პერიოდში მაყურებლის თანდასწრებით ჩავატაროთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია უეფა-ს ვიდეკონფერენციაზე - ბელარუსთან მატჩი უსაფრთხო პერიოდში მაყურებლის თანდასწრებით ჩავატაროთ

17 მარტს, უეფა-ს მიერ დაგეგმილ ვიდეკონფერენციაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას საკუთარი მოთხოვნები ექნება – ამის შესახებ მედიასთან სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა.

„სფფ თავიდანვე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით, რომ ბელარუსთან მატჩი უმაყურებლოდ გამართულიყო, რადგან ქართველი გულშემატკივრისთვის, საქართველოსა და ქართული ფეხბურთისთვის ამ მატჩის მნიშვნელობას ვაცნობიერებთ. ამას დაემატა ქვეყნებს შორის გადაადგილებისას შექმნილი პრობლემები. ჩვენი გუნდის ძირითადი ბირთვი კი უცხოეთში თამაშობს. ფეხბურთელთა ნაწილი იმ ქვეყნებში თამაშობს, საიდანაც საქართველოში გადაადგილება პრობლემატურია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვხელმძღვანელობდით და უეფასთან ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ – თბილისში ბელარუსთან მატჩის უმაყურებლოდ გამართვას ვემიჯნებით. მატჩის გამართვა კი სასურველი უსაფრთხო პერიოდისთვის იქნება.

სამშაბათს დაგეგმილ უეფა-ს ვიდეოკონფერენციაზე ჩვენს პოზიციას კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ. უეფა უკვე ფინალური ეტაპის საკითხსაც აქტიურად განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილებას ეროვნულ ფედერაციებთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღებენ“ – ამბობს დავით მუჯირი.

შეგახსენებთ, რომ უეფა-მ 14 მარტიდან 14 აპრილამდე დაგეგმილი 17 და 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ელიტრაუდის მატჩები, ასევე ასაკობრივი გუნდების მონაწილეობით ტურნირები გაურკვეველი ვადით გადაიდო – უეფა-მ გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის გამო გამოწვეული სამგზავრო შეზღუდვების შედეგად მიიღო.

ევრო 2020-ის პლეი ოფის შეხვედრებზე (მათ შორის, საქართველო – ბელარუსის მატჩს, რომელიც 26 მარტს თბილისში, დინამო არენაზე უნდა გაიმართოს) უეფა გადაწყვეტილებას 17 მარტს მიიღებს, როდესაც უეფა-ს წევრი ქვეყნების ფედერაციებთან კონსულტაციებს გამართავს.

დატოვე კომენტარი