საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უეფა-ს დელეგაცია ესტუმრა #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ორდღიანი ვიზიტით უეფა-ს დელეგაცია იმყოფებოდა. მიზანი ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების გეგმის მონიტორინგი იყო, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ გასულ წელს გამოაცხადა.
ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრები გაიმართა სფფ-ის ყველა დეპარტამენტთან მიზნების გადახედვის, რისკების ანალიზის, სამოქმედო გეგმაზე მუშაობისა და შესრულებული და მიმდინარე მიზნების მონიტორინგისთვის.
უეფა-სთან თანამშრომლობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გასული წლის სექტემბერში 4-წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა წარადგინა. პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა და ადგილობრივ საფეხბურთო ინდუსტრიაში შემავალი ყველა ძირითადი მიმართულება მოიცვა.
წარმოდგენილ დოკუმენტში ასახულია კონკრეტული მიზანი, ღირებულებები, ნაბიჯები და ხედვა, საქართველოში ფეხბურთი როგორ უნდა განვითარდეს. ამ პროცესში გათვალისწინებულია სხვა ეროვნული ფედერაციების და უეფა-ს საუკეთესო გამოცდილება, გასული ხუთი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილება და პროცესში წარმოქმნილი ახალი გამოწვევების ანალიზი.