საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მონაცემთა ანალიზის ანგარიში წარადგინა #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლებსა და ხელმძღვანელებს ახალი პროექტი – „მონაცემთა ანალიზის ანგარიში“ წარუდგინა.
ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები – გენერალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტი, ზაზა ზამთარაძე ესწრებოდნენ.
დავით მუჯირმა პროექტის მიზნებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა, აღნიშნა ფედერაციის მზადყოფნა კლუბებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის და ქართულ კლუბებს მოახლოებულ ევროტურნირების მატჩებში წარმატება უსურვა.
„მონაცემთა ანალიზის ანგარიში“ უეფა-ს მიერ გამოცემული The European Finance and Investment Landscape დოკუმენტის მსგავსად, წარმოადგენს ქართული საკლუბო ფეხბურთის დეტალურ მიმოხილვას. ანგარიში ეფუძნება 2023 წლის სეზონის მონაცემებს და მოიცავს სატურნირო, ფინანსურ და სტრუქტურულ ანალიზს.
დოკუმენტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კლუბების ლიცენზირებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შეიქმნა და პროექტის ხელმძღვანელმა, ბაქარ ჟორდანიამ კლუბებს დოკუმენტის სტრუქტურა, მიზნები და გამოყენების შესაძლო გზები დეტალურად განუმარტა.
ანგარიში მოიცავს არა მხოლოდ საკლუბო ფეხბურთის სტატისტიკურ და ტენდენციურ ანალიზს, არამედ ფედერაციის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროექტებს მიმოიხილავს – საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას, განათლების პროგრამებს, სამსაჯო სისტემის რეფორმას, ბავშვთა ფეხბურთის მხარდაჭერასა და სხვა ინიციატივებს, რაც ძლიერი საფეხბურთო სისტემის საფუძველს ქმნის.
მიმდინარე გამოცემაში საუბარია საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ მონაწილეობაზე უეფა-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე. საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად, გაანალიზებულია საკლუბო და სანაკრებო სისტემების ურთიერთკავშირი.
დოკუმენტი საპილოტე პროექტია, რომელიც ყოველწლიურად განხორციელდება და მომავალი წლიდან საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი, რაც ხელს შეუწყობს გამჭვირვალობასა და საკლუბო განვითარების სტრატეგიულ დაგეგმარებას“, – წერია სფფ-ის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.