საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კლუბების ლიცენზირება დაიწყო - პროცესში თასის მფლობელი „სპაერიც“ ჩაერთო #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფა-ს 2025/2026 წლების სეზონისთვის საფეხბურთო კლუბების ლიცენზირების პროცესს იწყებს – ინფორმაციას სფფ-ის პრესსამსახური ავრცელებს.
სფფ-ის კლუბების ლიცენზირებისა და მონიტორინგის ადმინისტრაცის წარმომადგენლები კლუბებს, რომლებიც უეფა-ს ლიცენზიის მაძიებლებად მოიაზრებიან, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ 2024 წლის ეროვნული ლიგის ათი და ქალთა ლიგა 1-ის ზედა ოთხეულის კლუბების შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.
მათ შორის იყო საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული თბილისის „სპაერის“ ლიცენზირების მენეჯერი. საქმე ისაა, რომ გუნდი ლიგა 2-ში თამაშობს, ევროთასებზე პირველად გავიდა და კონფერენს ლიგაზე თამაშამდე მოთხოვნების დაკმაყოფილება პირველად მოუწევს.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ როგორც განვლილი სალიცენზიო ციკლის შედეგებს, ისე სიახლეებს, რაც მიმდინარე სალიცენზიო ციკლში ინერგება. კლუბებს განემარტათ ლიცენზირების დებულებებში შესული ცვლილებები და ახალი მოთხოვნები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილონ უეფა-ს ლიცენზიის მოსაპოვებლად. ასევე, იმსჯელეს ლიცენზირების პრობლემურ საკითხებზე და განვითარების პერსპექტივებზე.
ლიცენზირების პროცესი აქტიურ ფაზაში იანვრიდან შევა, როდესაც კლუბები დაიწყებენ სალიცენზიო დოკუმენტაციის წარდგენას. სალიცენზიო გადაწყვეტილებები, თუ რომელი კლუბები დააკმაყოფილებენ უეფა-ს ლიცენზირების მოთხოვნებს, გაზაფხულზე გახდება ცნობილი.