საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სპორტული პრინციპით მოპოვებულ უპირატესობაზე უარს არ იტყვის
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სპორტული პრინციპით მოპოვებულ უპირატესობაზე უარს არ იტყვის

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ დავით მუჯირმა განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უარს ვერ იტყვის იმ უპირატესობაზე, რაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მოიპოვა.

გენერალურმა მდივანმა თავისი მოსაზრება წმინდა სპორტულ შეჯიბრში მოპოვებული უპირატესობიდან გამომდინარე ახსნა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ უპირატესობის გამოყენება, რაც ერთა ლიგის „დ” დივიზიონში სპორტული პრინციპიდან გამომდინარე მოვიპოვეთ. ლიგაში პირველ ადგილზე გავედით, რაც მეტოქის სახლში მასპინძლობის უპირატესობას გვაძლევს. აქედან გამომდინარე, მაყურებლის თამაშზე მოსვლაზე უარის თქმა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან ფეხბურთი ხალხისაა. მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება პარიზშიც გადაწყვიტეს, მაგრამ ხალხი სტადიონის გარშემო შეიკრიბა და არ მესმის, რა მნიშვნელობა აქვს, ხალხი მასობრივად ტრიბუნაზე იქნება თუ გარეთ“ – ამბობს დავით მუჯირი.

ერთა ლიგის „დ“ ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა საქართველოსა და ბელარუსის შეხვედრა 26 მარტს „დინამო-არენაზე“ უნდა გაიმართოს, მაგრამ უეფა-ს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, დაუშვებს თუ არა ტრიბუნაზე გულშემატკივარს.