საქართველოს ევროპის გამორჩეული მწვრთნელები ესტუმრებიან - უეფა-ს სამიტს ბათუმი უმასპინძლებს #1TVSPORT
საქართველოს ევროპის გამორჩეული მწვრთნელები ესტუმრებიან - უეფა-ს სამიტს ბათუმი უმასპინძლებს #1TVSPORT

ბათუმი 2023 წელს უეფა-ს მწვრთნელთა სამიტს უმასპინძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ეს ცნობილი გახდა წინანდალში გამართულ უეფა-ს მწვრთნელთა განათლების PRO ლიცენზიის მფლობელი მწვრთნელების Refresh-კურსზე.

„ღონისძიებაზე სფფ-ისა და უეფა-ს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს უეფა-ს მწვრთნელთა განათლების ერთ-ერთ მთავარ პროექტს, მწვრთნელთა სამიტს, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება და 2023 წელს ბათუმში ჩატარდება“, – წერია ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მომავალ წელს ბათუმში დაგეგმილ მასშტაბურ ღონისძიებაში, უეფა-ს 55 წევრი ასოციაციის გარდა, სხვა კონფედერაციების წარმომადგენელი ქვეყნებიც მიიღებენ მონაწილეობას.

უეფა-ს მწვრთნელთა სამიტი 2000 წლიდან ტარდება – მას ხელმძღვანელობდა უეფა-ს მწვრთნელთა ელჩი და ლეგენდარული სპეციალისტი სერ ალექს ფერგიუსონი.

სამიტზე იწვევენ კონტინენტის საუკეთესო მწვრთნელებს, მათ შორის იყვნენ არსენ ვენგერი, ხოსეპ გვარდიოლა, ჟოზე მოურინიო, კარლო ანჩელოტი, ანდრე ვილაშ-ბოაში, უნაი ემერი

ბათუმში გვესტუმრებიან სხვადასხვა კონფედერაციის ტექნიკური დირექტორები, მთავარი მწვრთნელები, გენერალური მდივნები. უეფა-ს გუნდი წარმოდგენილი იქნება როგორც Jira Panel-ის წევრებით, ასევე უეფა-ს ტექნიკური დეპარტამენტისა და ტექნიკური განვითარების კომიტეტის სახით.