საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა სპორტის სასახლეში პირველი ვარჯიში გამართა
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა სპორტის სასახლეში პირველი ვარჯიში გამართა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ შეხვედრას 20 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლეში შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს. 23 თებერვალს კი ბელგრადში სერბეთს დაუპირისპირდება. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ტურნირისთვის მზადებას უკვე შეუდგა.

ბერძენი სპეციალისტის განკარგულებაში 16 კალათბურთელია. კიდევ 8 კანდიდატი ზუროსმა სარეზერვო განაცხადში შეიყვანა. პირველი ვარჯიში ეროვნულმა გუნდმა გუშინ ჩაატარა. წვრთნაშ მონაწილეობა 14-მა კალათბურთელმა მიიღო. დუდა სანაძე და თად მაკფადენი გუნდს დღეიდან შეუერთდებიან.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა შვეიცარიასთან მატჩისთვის ასე გამოიყურება – გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჟანიძე, ირაკლი სულხანიშვილი, დავით კაკუშაძე, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, ბექა ბურჯანაძე, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური, გიორგი შერმადინი, გიორგი ტურძელაძე, თად მაკფადენი და დუდა სანაძე.

ცვლილებებია სამწვრთნელო შტაბში. ილიას ზუროსს ასისტენტობას მილოშ გრიგორიევიჩის გარდა, მანუჩარ მარკოიშვილი და ანატოლი ბოისა გაუწევენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 17, 18 და 19 თებერვალს გამართავს ვარჯიშებს, რის შემდეგაც ილიას ზუროსი შვეიცარიასთან მატჩისთვის 12-კაციან შემადგენლობას დაასახელებს. მომავალი მატჩები წარმოადგენს ევრობასკეტ 2021-სთვის შესარჩევ ციკლს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი, როგორც ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი, ავტომატურად მონაწილეობს ევრობასკეტ 2021-ზე, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპზე მაინც ითამშებს.

შვეიცარიისა და სერბეთის წინააღმდეგ მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.