საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებიდან 35 წელი გავიდა – უცნობი ფაქტები, სტატისტიკა და ბომბარდირები #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებიდან 35 წელი გავიდა – უცნობი ფაქტები, სტატისტიკა და ბომბარდირები #1TVSPORT

35 წლის წინ, 1990 წლის 30 მარტს საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. გახსნით მატჩში თბილისის „იბერიის“ სახელით მოასპარეზე თბილისის „დინამო“ ფოთის „კოლხეთი 1913“-ს დაუპირისპირდა და მოულოდნელად 0:1 დამარცხდა.

„დინამო თბილისი“ – ფოთის „კოლხეთი 1913“ 0:1
გოლი: კეტაშვილი (საკუთარ კარში)

„დინამო თბილისი“: ხაპოვი, კეტაშვილი, ცხადაძე, ჭედია, არზიანი, გოგიჩაიშვილი, ქეცბაია, ცაავა (ჯიშკარიანი), რევიშვილი (ჩიქოვანი), გურული, კაჭარავა.
მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი.

„კოლხეთი 1913“: გვასალია, კურგენიანი, ქაჯაია, გიორგაძე, გიგატაძე, შამათავა, თოფურია (თიბილაშვილი), მახარაძე (ინიაშევი), ჯუღელი, თვარაძე, ავრამიდისი (ბაჯელაძე).
მთავარი მწვრთნელი: ჯონი ჯანელიძე.

მთავარი არბიტრი: ველოდი მიმინოშვილი.

ბევრისთვის უცნობი ფაქტია, რომ პირველი ჩემპიონატის გახსნაზე გაჟღერდა სიმღერა, რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნია. გარდა ამისა, დაფიქსირდა დასწრების რეკორდი – „დინამო არენაზე“ თბილისის „იბერიასა“ და ფოთის „კოლხეთი 1913“-ის მატჩს 80 ათასი მაყურებელი დაესწრო.

ამ თამაშამდე მცირე ხნით ადრე, 15 თებერვალს დაფუძნდა დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაცია, რომლის პირველ პრეზიდენტადაც ნოდარ ახალკაცი აირჩიეს. ფედერაციის პირველმა ყრილობამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო – ყველა ქართულ საფეხბურთო გუნდს უნდა დაეტოვებინა საბჭოთა შეჯიბრებები.

გადაწყდა, რომ პირველ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებდნენ:

უმაღლესი ლიგიდან: თბილისის „დინამო“ და ლანჩხუთის „გურია“;

პირველი ლიგიდან: ქუთაისის „ტორპედო“, ბათუმის „დინამო“ და სოხუმის „დინამო“;

მეორე ლიგიდან: ფოთის „კოლხეთი“, სამტრედიის „ლოკომოტივი“, ოზურგეთის „მერცხალი“, რუსთავის „მეტალურგი“, გორის „დილა“, ხობის „კოლხეთი“ და თბილისის „შევარდენი“;

1989 წლის საქართველოს პირველობის ექვსი საუკეთესო გუნდი: წყალტუბოს „შადრევანი“, ზუგდიდის „დინამო“, ოჩამჩირის „ამირანი“, გალის „მზიური“, ხაშურის „ივერია“ და ცხინვალის „სპარტაკი“.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ჩემპიონატის რვა შეხვედრა 31 მარტს ჩატარდა, ხოლო საზეიმო გახსნის მატჩი, რომელიც თბილისის „იბერიასა“ და ფოთის „კოლხეთს“ შორის გაიმართა, ერთი დღით ადრე – 30 მარტს.

უმაღლესი ლიგა 1990 – საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველი გათამაშება 30 მარტს დაიწყო და 12 ნოემბერს დასრულდა. გამარჯვებული გახდა თბილისის „იბერია“, მეორე ადგილი ლანჩხუთის „გურიამ“ დაიკავა, ხოლო მესამე – რუსთავის „გორდამ“.

ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირები 23-23 გატანილი გოლით გახდნენ გია გურული და მამუკა ფანცულაია.

პირველი წრის შემდეგ ჩემპიონატს ცხინვალის „ლიახვი“ (ყოფილი „სპარტაკი“) გამოეთიშა, რის შედეგადაც სეზონი 17-მა გუნდმა დაასრულა. რეგლამენტის მიხედვით, ბოლო, მე-17 ადგილზე გასული გუნდი (ოჩამჩირის „ამირანი“) უნდა დაქვეითებულიყო პირველ ლიგაში, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ აღსრულდა და უმაღლესი ლიგიდან არცერთი გუნდი არ გავარდა.

ამავდროულად, პირველი ლიგის სამი საუკეთესო გუნდი – ვანის „სულორი“, ზესტაფონის „მარგვეთი“ და გურჯაანის „ალაზანი“ – უმაღლეს ლიგაში დაწინაურდნენ, რის შედეგადაც საქართველოს მეორე ეროვნულ ჩემპიონატში უკვე 20 გუნდმა მიიღო მონაწილეობა.