საქართველო ევროპის 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმიზნებს
საქართველო ევროპის 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმიზნებს

დღეს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში განაცხადის წარდგენა 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბორჯომ-ბაკურიანში მასპინძლობის უფლების მისაღებად.

ითქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მულტისპორტული კონტინენტური შეჯიბრება ზამთრის სპორტში ჩართული ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, რომელსაც 26 წლის ისტორია აქვს. უკვე გაიმართა 14 ფესტივალი, გარკვეულია 2021 და 2023 წლების ფესტივალების მასპინძლების ვინაობაც (ფინური ვუოკატი და იტალიური ფრიული-ვენეცია-ჯულია). საქართველოს აქვს შანსი იბრძოლოს 2025 წლის ფესტივალისთვის და ამ გზაზე პირველი ნაბიჯი იქნება შესაბამისი განაცხადის წარდგენა.

„ჩვენ გვაქვს საუკეთესო ბუნებრივი პირობები, რათა განვავითაროთ ზამთრის სპორტი, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამ შესაძლებლობას ბოლომდე ვერ ვიყენებთ. შესაბამისად, ზამთრის სპორტში ჩვენი შედეგები ერთობ მოკრძალებულია. დადგა ენერგიული მოქმედების, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისა და ზამთრის სპორტის განვითარებისთვის სერიოზოლი ინვესტიციების განხორციელების დრო. ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა მნიშვნელოვნად შეგვიწყობს ხელს, რათა ერთის მხრივ შევქმნათ ზამთრის სპორტისთვის აუცილებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, პარალელურად კი – საფუძვლიანად მოვამზადოთ ჩვენი ახალგაზრდები მაღალი სპორტული მიზნებისთვის საბრძოლველად და ამ საქმეს ახლებურად მივუდგეთ . ჩვენ თუ გვაქვს ამბიცია, პერსპექტივაში ვუმასპინძლოთ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს და, პირდაპირ უნდა ვთქვა, ეს არის ურთულესი ამოცანა, დღესვე უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. სწორედ ერთი ასეთი ნაბიჯი იქნება ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბორჯომ-ბაკურიანში მაღალ დონეზე ჩატარება და ჩვენი პარტნიორების დარწმუნება იმაში, რომ საქართველო მართლაც არის ზამთრის სპორტის ქვეყანა,“ – განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

აღმასკომის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, სეოკ-მა ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში წარადგინოს განაცხადი 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად. სეოკ-ის ადმინისტრაციას დაევალა ოპერატიულად წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები.

სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ განათლების,მეცნიერების,კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე.

წყარო – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

დატოვე კომენტარი