საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას სტუმრად ესპანეთთან გამართავს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას სტუმრად ესპანეთთან გამართავს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას გამართავს. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს ვილი სანიოლის გუნდი ვალიადოლიდში, ხოსე სორილიას სახელობის სტადიონზე ესპანეთის ნაკრებთან ითამაშებს.

ესპანეთის ნაკრები

ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი 18 ქულით ჯგუფის სათავეშია და ორი ქულით ასწრებს შოტლანდიას, რომელიც ტრავმის გამო ერლინგ ჰალანდის გარეშე დარჩენილ ნორვეგიას დაუპირისპირდება. საქართველოსთან მოგებით კი ესპანეთი პირველ ადგილზე გავა.

ჯგუფის ბოლო შეხვედრაში მასპინძლებს მხოლოდ მიკელ ოიარზაბალი დააკლდებათ. დიდი ალბათობით, კარში უნაი სიმონი დაბრუნდება. ესპანური მედიის ცნობით, მარცხენა მცველად მოსალოდნელია გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელის, „ვალენსიის“ კაპიტანის, ხოსე ლუის გაიას გამოჩენა. ალვარო მორატა იქნება თავდასხმაში და შეეცდება, ესპანეთის ნაკრების ყველა დროის მეოთხე საუკეთესო ბომბარდირი გახდეს.

საქართველოს ნაკრები

„ჯვაროსნებმა“ მატჩისწინა ვარჯიში მატჩის მასპინძელ „ესტადიო ხოსე სორილიაზე“ გამართეს, რომელშიც 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სამწუხაროდ, გუნდს ტრავმის გამო ლევან შენგელია დააკლდა.

ჩვენმა ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით საშინაო შეხვედრა სწორედ ესპანეთთან (1:7) წააგო. ახლა საქართველოს ნაკრები 8 ქულით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა და ჯერ კიდევ აქვს ნორვეგიის (10 ქულა) გადასწრებისა და მესამე ადგილის დაკავების თეორიული შანსი. რა თქმა უნდა, ეს რთული იქნება, მაგრამ გავიხსენოთ, რომ 2016 წელს ხეტაფეში საქართველომ ესპანეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა (1:0).

ესპანეთისთვის უიღბლო და საქართველოსთვის წარმატების მომტანი რუმინელი მსაჯი

მატჩს რუმინელი ოვიდიუ ჰატეგანი განსჯის. სანაკრებო შეხვედრებს ის 2011 წლიდან ემსახურება. საქართველოს ნაკრების თამაშს ჰატეგანი მხოლოდ ერთხელ გაუძღვა, 2015 წლის 4 სექტემბერს თბილისში შოტლანდიასთან. მაშინ ჩვენმა გუნდმა ვაკო ყაზაიშვილის გოლით (38 წუთი) 1:0 მოიგო. ესპანეთისთვის რუმინელი არბიტრი იღბლიანი არაა. აქამდე ორჯერ განსაჯა „ფურია როხას“ შეხვედრა და ორივე ფრედ დასრულდა. პირინეელებმა 2013 წელს ფინეთთან შინ 1:1 ითამაშეს, ხოლო 2016 წელს გასვლაზე ინგლისთან – 2:2.

ჰეტეგანი 43 წლისაა. დაამთავრა ტიმიშოარას უნივერსიტეტის მედიცინისა და ფარმაციის ფაკულტეტი. 2018 წელს, ვარჯიშის დროს გულის შეტევა ჰქონდა, მაგრამ კარიერა გააგრძელა.

ოვიდიუ ჰაცეგანს ხაზზე თავისი თანამემამულეები – მირჩა მიხაილ გრიგორიუ და სებასტიან გეორგე დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი – რადუ პეტრესკუა, ხოლო ვიდეორეფერის როლში ასევე რუმინელები – კატალინ პოპა და სებასტიან კოლჩესკუ იქნებიან.

ტელე და რადიორეპორტაჟები

ვალიადოლიდში ესპანეთი – საქართველოს მატჩი, რომლითაც გუნდები ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლს დაასრულებენ, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (ფმ 102.3).