საქართველოს ეროვნული ნაკრები დახურულ მატჩს ჩეხეთთან ჩაატარებს #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრები დახურულ მატჩს ჩეხეთთან ჩაატარებს #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მორიგ ამხანაგურ შეხვედრას დღეს, 19 აგვისტოს ჩეხეთთან ჩაატარებს.

ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ჩეხეთის ნაკრებს დახურულ მატჩში დაუპირისპირდება. 21 აგვისტოს კი ამ გუნდებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა ჩატარდება, რომელსაც მაყურებელიც დაესწრება, ხოლო მის ტრანსალციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ორივე შეხვედრა ევროპის უდიდეს ჰოკეის დარბაზში, „ენტერია არენაზე” გაიმართება. ამ მატჩებით ორივე გუნდი ევრობასკეტისთვის მზადებას ოფიციალურად დაასრულებს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჩეხეთთან კაპიტანი თორნიკე შენგელია დააკლდება. კალათბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ესტონეთთან ამხანაგური შეხვედრის დროს გამოვლენილი გულის არითმიის გამო შენგელიამ ესპანეთში გამოკვლევები ჩაიტარა, თავს კარგად გრძნობს და ის გუნდს ევროპის ჩემპიონატის წინ კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში შეუერთდება.

ზედიზედ მეექვსე ევრობასკეტზე საქართველოს ეროვნული გუნდი ასპარეზობას 28 აგვისტოს ესპანეთთან მატჩით დაიწყებს. ამ გუნდების გარდა, C ჯგუფში ბოსნია და ჰერცეგოვინა, კვიპროსი, იტალია და საბერძნეთი ითამაშებენ.

კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის მატჩების პირდაპირ ეთერში ხილვა საქართველოს პირველ არხზე იქნება შესაძლებელი.