საქართველოს ეროვნულ ლიგაში ინგლისელი ლეგიონერი პირველად ითამაშებს - „იბერიამ“ აფონსო ლინდო დაიმატა #1TVSPORT
პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველოს ეროვნულ ლიგაში ინგლისელი ფეხბურთელი ითამაშებს, – ინფორმაციას Nomad Sports-ის დამფუძნებელი გეგი კიკაბიძე ავრცელებს.
„21 წლის ცენტრალური მცველი აფონსო ლინდო „მიდლსბროს“ აკადემიის აღზრდილია და ახალგაზრდულ პრემიერლიგაში 80-მდე მატჩი აქვს ჩატარებული. კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივლისში დაუსრულდა. პირველ გუნდში არსებული მაღალი კონკურენციის გამო, კლუბსა და ლინდოს შორის ხელშეკრულება აღარ გაგრძელდა. 23-წლამდელთა გუნდში თამაშით მას უკვე საკმარისზე მეტი გამოცდილება ჰქონდა დაგროვებული.
ინგლისის ჩემპიონშიფი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან ლიგად მიიჩნევა. იქ აღზრდილი ახალგაზრდა ფეხბურთელები კი ხშირად წარმატებით იმკვიდრებენ ადგილს სხვადასხვა ევროპულ კლუბში. მალე ოფიციალურად გავასაჯაროებთ, თუ რომელ ქართულ კლუბში ითამაშებს ცენტრალური მცველი“, – წერია განცხადებაში.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ინგლისელი ლეგიონერის შესახებ მოლაპარაკება „იბერიასთან“ დასრულებულია და კონტრაქტის გაფორმებაც გადაწყვეტილია. მართალია, ლინდო თბილისელებს „ლევადიასთან“ კონფერენს ლიგის მატჩისთვის ესტონეთში არ გაჰყვა, თუმცა თუ საქართველოს ჩემპიონი ევროპული ტურნირის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავა, აუცილებლად დაეხმარება.