საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი შეკრება დაიწყო
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი შეკრება დაიწყო

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ვაჟთა ეროვნული გუნდი პრაღაში დაგეგმილი კონტინენტის პირველობისთვის ორი კვირის განმავლობაში თბილისში ძიუდოს აკადემიაში მოემზადება. მწვრთნელთა საბჭოს გადაწყვეტილებით ამ შეკრებაზე საქართველოს ჩემპიონატის ყველა მედალოსანი მიიწვიეს.

წვრთნის პროცესს ტრავმირებულები – 73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და მძიმეწონოსანი მსოფლიოს, ევროპისა და ევროპული თამაშების გამარჯვებული გურამ თუშიშვილი გამოაკლდებიან. რაც შეეხება ლუკა მაისურაძეს, რომელიც 81 კგ. წონით კატეგორიაში ჭიდაობს და მსოფლიოსა და ევროპული თამაშების მესამე პრიზიორია შეკრებაზე 23 წლამდე გუნდის წევრებთან ერთად იმყოფება.

ნაკრებთან ერთად ძიუდოს აკადემიაში ივარჯიშებენ, მაგრამ გუნდთან ერთად სასტუმროში არ იცხოვრებენ ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მესამე პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი (66) და ევროპის პირველობის ბრინჯაოს მედალოსანი ბექა ღვინიაშვილი (90) – ისინი პარალელურად ჩემპიონთა აკადემიაში ტრენაჟორებზეც ივარჯიშებენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კონტინენტის პირველობა 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით პრაღაში უნდა გაიმართოს.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელებს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ იმ სამი ტურნირის ჩატარების თარიღი რომლებითაც შეწყვეტილი სეზონის განხლებას გეგმავენ. ესენია: ბუდაპეშტის და ტოკიოს „დიდი მუზარადები“ და აბუ დაბის მსოფლიო მასტერსის გათამაშება.

ძიუდოს მესვეურები ვარაუდობენ, რომ ბუდაპეშტში ტურნირის ჩატარებას ევროპის ჩემპიონატამდე შეძლებენ.