საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა – ბოლომდე ვიბრძოლეთ და ეს მონდომება დაგვიფასდა #1TVSPORT

03:51, 22.06.2025

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, რომელმაც ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, საქართველოში დაბრუნდა. მსოფლიო ჩემპიონებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.

საქართველოს ნაკრებმა ფინალში სამხრეთ კორეა 4:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონობა პირველად იზეიმა, ნახევარფინალში კი იაპონიას სძლია, რომელიც ამ ტიტულს ზედიზედ შვიდჯერ ფლობდა.

დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე კომენტარი ლაშა ბექაურმა გააკეთა:

„ძალიან მაგარი იყო. ყველაფერი ერთმანეთს ისე დაემთხვა, თითქოს ასე უნდა მომხდარიყო. გადამწყვეტი ბრძოლა მე მომიწია. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ეს შანსი ღმერთმა გამომიგზავნა, მადლობა უფალს ყველაფრისთვის.

მთელი გუნდი განსაკუთრებული შემართებით ვიყავით, ბოლომდე ვიბრძოლეთ და ეს მონდომება დაგვიფასდა.

ასეთი შეგრძნება არასოდეს მქონია. გუნდურ შეჯიბრებაში გამარჯვებას სულ სხვა ემოცია და განსაკუთრებული სიხარულია. ნახევარფინალშიც და ფინალშიც გადამწყვეტი ჩემი შეხვედრა იყო და დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე. თან სანშირო მურაო მსოფლიოს ჩემპიონია და დასამტკიცებელიც მქონდა, რომ მასზე უკეთესი ვიყავი“, – განაცხადა ლაშა ბექაურმა.

მსგავსი