საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის ყველა ლიდერი ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებს
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის ყველა ლიდერი ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებს

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ თბილისის გრან-პრის დასრულების შემდეგ ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 26-დან 28 აპრილის ჩათვლით თელ-ავივში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების ყველა ლიდერი იჭიდავებს და მწვრთნელთა საბჭოს გადაწყვეტილებით გაორებული 60 და 90 კგ. წონითი კატეგორია იქნება.

ევროპის ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე – 60), ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი (66), ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73), ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი (81), მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი უშანგი მარგიანი, ევროპის მესამე პრიზიორი ბექა ღვინიაშვილი (ორივე – 90), ევროპის სამგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (100) და ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100) -საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის ყველა ლიდერი ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებს.

ქალებში საქართველო ორი სპორტსმენითაა წარმოდგენილი. -52 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას მარიამ ჯანაშვილი დაიცავს, ხოლო -63 კგ. კატეგორიაში კი მზია ბებოშვილი.

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდი 8 აპრილიდან ერთობლივ საწვრთნელ მოსამზადებელ შეკრებას ანტალიაში გაივლის.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი შემოგთავაზებთ.