საქართველოს ჩემპიონის ფეხბურთელებით ლატვიისა და სომხეთის კლუბები დაინტერესდნენ #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონის ფეხბურთელებით ლატვიისა და სომხეთის კლუბები დაინტერესდნენ #1TVSPORT

თბილისის „იბერია“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედურ „მალმიოს“ 8 ივლისს თბილისში უმასპინძლებს, ხოლო 15 ივლისს საპასუხო შეხვედრას შვედეთში ჩაატარებს.

საქართველოს ჩემპიონის ორი ფეხბურთელით უცხოური კლუბები დაინტერესდნენ. სომხური მედიის მტკიცებით, 35 წლის მეკარე გიორგი მაკარიძეს, რომელსაც საქართველოს ნაკრებში უთამაშია, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი და კონფერენს ლიგის მონაწილე „არარატ-არმენია“ იწვევს.

თბილისელთა ცენტრალური მცველის, ივა გელაშვილის მიმართ კი ინტერესს საფეხბურთო კლუბი რფს („რიგის ფეხბურთის სკოლა“) ავლენს. ეს გუნდი ლატვიის მოქმედი ჩემპიონია, სადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ლაშა ოდიშარია თამაშობს.

აღსანიშნავია, რომ გელაშვილი საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალში „იბერიის“ განაცხადში არ იყო, სადაც თბილისელები გორის „დილას“ დაუპირისპირდნენ და 1:3 დამარცხდნენ, მაკარიძემ კი თამაში შეუცვლელად ჩაატარა.