საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატი სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში 151 ქულით მეორე ადგილზე გავიდნენ.

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში გამართულ ევროპის პირველობაზე სამშაბათს მედლების კომპლექტი დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშდა და საქართველოს ჰიმნი ორჯერ აჟღერდა.

60 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში დიეგო ჩხიკვაძემ აზერბაიჯანელ ასგარ ალიზადას ანგარიშით 8:3 მოუგო.

67 კილოგრამი წონითი კატეგორიის გადამწყვეტ შეხვედრაში გიორგი შოთაძემ სომხეთის წარმომადგენელი ჰაიკ მელიქიანი ანგარიშით 9:0 დაამარცხა.

ორშაბათს ფრიდონ აბულაძე (55 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა. ლერი აბულაძე (63 კგ) ვერცხლს დასჯერდა, ნიკა შერბაკოვმა (77 კგ) და გიორგი ქაცანაშვილმა (87 კგ) კი, მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

6 ივნისს ესპანურ ხალიჩაზე გოგონები იჭიდავებენ, ხოლო 8-9 ივნისს ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში ჩატარდება.