საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა თბილისის ჩელენჯერი პოლონეთთან მატჩით დახურა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა თბილისის ჩელენჯერი პოლონეთთან მატჩით დახურა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისის ჩელენჯერზე გამოსვლა პოლონეთთან მატჩით დაასრულა. შეგახსენებთ, ეს არის შეჯიბრება, რომელიც ფიბა-ევროპამ პანდემიის პირობებში შექმნა – ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ნაცვლად ევროპის ჩემპიონატისა და მისი შესარჩევი მრავალგუნდიანი ტურნირისა, გადაწყვიტა 6-გუნდიანი ჩელენჯერების მოწყობა. გუნდები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით ცხოვრობენ და მუდმივ სამედიცინო კონტროლში არიან.

საქართველოში ჩამოვიდნენ საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი და ბულგარეთი. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილ ქართველებს რამდენიმე ლეგიონერი აკლიათ, რის გამოც შეჯიბრების მოგების პრეტენზია არც ჰქონიათ. როგორც მწვრთნელი ამბობდა, მთავარი იყო საინტერესო კალათბურთელების აღმოჩენა, რომლებიც ახლო მომავალში პირველ ნაკრებს დაეხმარებიან. ტურნირს საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსიც ესწრებოდა.

ჩვენმა გუნდმა ტურნირის დასკვნითი მატჩი პოლონეთთან გამართა. შეხვედრა თავიდან ბოლომდე თანაბარი თამაში იყო. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, დიდი უპირატესობა არც ერთ გუნდს ჰქონდა, არც შეტევით და არც დაცვით კომპონენტებში. პოლონელებმა ქართველებზე ორით მეტი სამქულიანი (9) ჩააგდეს და მატჩიც სწორედ 6 ქულით მოიგეს – 87:81.

მათგან მხოლოდ სამმა კალთბურთელმა მიაღწია ათქულიან ზღვარს – კაშოვსკიმ და მარჩევკამ 18-18 ქულა ჩააგდეს, გორდონმა – 14.

მატჩის ბომბარდირი 19 ქულით ლაშა მიქელაძე გახდა. 15, 14 და 13 ქულა შესაბამისად რომა ჭინჭარაულს, ვლადიმერ თავაქარაშვილსა და ნიკა გაფრინდაშვილს ჰქონდათ.

გუნდი
1. საფრანგეთი 5 5 0 10
2. გერმანია 5 4 1 9
3. ბულგარეთი 5 2 3 7
4. პოლონეთი 5 2 3 7
5. საქართველო 5 1 4 6
6. თურქეთი 5 1 4 6
დატოვე კომენტარი