საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩელენჯერის მესამე მატჩი გერმანიასთან გამართა #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩელენჯერის მესამე მატჩი გერმანიასთან გამართა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა თბილისის ჩელენჯერზე მესამე მატჩი გამართა. ამჯერად მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი გერმანიას დაუპირისპირდა და 55:96 დამარცხდა.

წინა დღისით თურქეთთან ჩატარებული ურთულსი შეხვედრის შემდეგ, ქართველებმა სრულფასოვანი აღდგენა ვერ მოახერხეს, რამაც მატჩის ხარისხზე დიდი გავლენა მოახდინა. გერმანელები გაცილებით ენერგიულად გამოიყურებოდნენ. მათ საქართველოს ნაკრებზე 22-ით მეტი ბურთი მოხსნეს (47), საჯარიმოების რაოდენობის მიხედვით კი აშკარა იყო, რომ ჩვენს კალათბურთელებს მეტოქის წესების გარეშე შეჩერება უჭირდათ: გერმანიამ 27 საჯარიმო სტყორცნა და 22 ჩააგდო, ხოლო საქართველომ სულ 6 სტყორცნა და 3 გამოიყენა.

ჩვენი გუნდის მაისურით ყველაზე მეტი, 11 ქულა რომა ჭინჭარაულმა ჩააგდო, რომელმაც მონაგარს 5 მოხსნაც მიამატა. საერთოდ კი მოხსნებში გერმანიამ დიდი უპირატესობით იმარჯვა – 47:25. მასპინძელთა ვიცე-ბომბარდირი ლევან გოგიჩაიშვილი გახდა. მის ანგარიშზე 10 ქულაა. გერმანიის ნაკრებში კი ელიას ბაგეტმა იყოჩაღა – 20 ქულა.

სამი ტურის შემდეგ ქართველებს ერთი მოგება აქვთ და ექვსგუნდიან ჯგუფში თურქეთთან, ბულგარეთთან და პოლონეთთან მესამე-მეექვსე ადგილებს ინაწილებენ.

23 ივლისს დასვენებაა, 24-ში საქართველოს ნაკრები ბულგარეთის წინაშე წარდგება. მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 22 საათზე დაიწყება.