საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბულგარეთთან მატჩი ბოლო წუთებზე დათმო #1TVSPORT

თბილისის ჩელენჯერზე საქართველოს კალათბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეოთხე მატჩი ბულგარეთის წინააღმდეგ გამართა. თანაბარი გუნდების ბრძოლაში გამარჯვება ბულგარელებს დარჩათ – 84:72.

შეხვედრის მეორე პერიოდში ქართველებმა, უმთავრესად დაცვაში თამაშითა და სწრაფი შეტევებით, 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს – 37:27. ამ მომენტში რჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ქართველ 20-წლამდელებს გამარჯვების მიღწევა აღარ უნდა გასჭირვებოდათ, თუმცა მოხდა საპირისპირო – მესამე ათწუთეულში უპირატესობას ბულგარეთი დაეუფლა და მინუს ათი პლუს ათად აქცია.

მეოთხე პერიოდის ბოლოს ნიკოლოზ გაფრინდაშვილის ორი სამქულიანის შემდეგ სხვაობა სამ ქულამდე შემცირდა, თუმცა როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, საქართველოს ნაკრებმა წაგებას თავი მაინც ვერ დააღწია.

მის რიგებში 17 ქულითა და 12 მოხსნით ანზორ ნადირაძე გამოირჩა, 19 ქულა ჰქონდა ნიკა გაფრინდაშვილს, 10 ქულა – ვლადიმერ თავაქარაშვილს, ხოლო ნიკოლოზ სულხანიშვილმა 11 ქულას 7 მოხსნა და 4 პასი მიამატა.

ბულგარეთის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა კონსტანტინ ტოშკოვმა, რომელმაც 23 ქულა და 9 პასი მოაგროვა.

თბილისის ჩელენჯერის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდება. მატჩი 25 ივლისს 20 საათზე დაიწყება.