საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ბელგიას დაუპირისპირდება - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ბელგიას დაუპირისპირდება - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს დღეს, 24 ივნისს „დინამო არენაზე“ ბელგიათან გამართავს.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა, ბელგიისა და ნიდერლანდების მატჩი კი ფრედ 0:0 დასრულდა და ჯგუფში რამაზ სვანაძის გუნდი გალიდერდა. მოგების შემთხვევაში ჩვენი გუნდი მეოთხედფინალის საგზურს გაინაღდებს.

23 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ოფიციალური რეგლამენტით გათვალისწინებული მატჩის წინა ვარჯიში საგურამოში, თბილისის „ლოკომოტივის“ ბაზაზე ჩაატარა. საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელი ფორმაშია.

რაც მთავარია, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან ეროვნული ნაკრებიდან დამატებული ფეხბურთელები და, დიდი ალბათობით, მათ მოედანზე პირველივე წუთებიდან ვიხილავთ – გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“ დონეცკი, უკრაინა), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“ მოსკოვი, რუსეთი) და ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი).

ბელგიის ნაკრები

ბელგიელები საქართველოს ნაკრების მსგავს ვითარებაში აღმოჩდნენ – ეროვნულ ნაკრებში ახალგაზრდული გუნდის რამდენიმე მოთამაშე მიიწვიეს – ცენტრალური მცველი ამინ ალ-დახილი (ერაყში დაბადებული მოთამაშე, თამაშობს „ბარნლიში“, ინგლისი), თავდამსხმელი ოლივიე დემანი („სერკლ ბრიუგე“, ბელგია) და ცენტრალური ნახევარმცველი ასტერ ვრანკსი („ვოლფსბურგი“, იჯარით „მილანში“ თამაშობდა). ისინი 21-წლამდელებს მხოლოდ ესტონეთის მატჩის შემდეგ შეუერთდნენ. მათგან განსხვავებით, ცენტრალური ნახევარმცველი შარლ დე კეტელაარი („მილანი“) და თავადამსხმელი ლოის ოპენდა („ლანსი“) ეროვნულმა ნაკრებმა 21-წლამდელებს დაუთმო და გუნდთან ერთად ემზადებოდნენ. მთავარი მწვრთნელი ჯეკ მატისენი განსაკუთრებით ოპენდას დამატებით არის გახარებული.

„ის, რომ ოპენდა ჩვენთანაა, ყველასთვის დიდი სტიმულია. ის მოტივირებულია, თავის საქმეს აკეთებს და თანაგუნდელებზე კარგად მოქმედებს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამით“, – განაცხადა ჯეკ მატისენმა.

ბელგიის ახალგაზრდულ ნაკრებში კარგი განწყობა იყო, მაგრამ მათი მედიის რეაქციიდან გამომდინარე, უხერხულობა შექმნა იმ ფაქტმა, რომ მწვრთნელმა ევრო 2023-ის დაწყებამდე გუნდის კაპიტნობა, ასტერ ვრანკსის ნაცვლად, შარლ დე კეტელაარს გადაულოცა.

ამის შესახებ დე კეტელაარმა ისაუბრა: „ახალგაზრდულ ნაკრებში კაპიტნობისთვის არ მოვსულვარ. კვალიფიკაციის დროს კაპიტნის სამკლაური ასტერ ვრანკსს ეკეთა. როდესაც ის თამაშობს, ეს მისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა”.

მატისენმა საქართველო-ბელგიის მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „მესმის კითხვები კაპიტნის შეცვლაზე, რასაც შარლი ამბობს, შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ არის ჩვენთან. მან დიდ კლუბში გამოცდილება მიიღო. გუნდზე მაღლა კი არავინ დგას“.

რეკორდი

ევრო 2023-ის მეორე ტურის მატჩზე საქართველოსა და ბელგიის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის 30 ათასზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია. უეფა-ს უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, დარჩენილი ბილეთების გაყიდვა 24 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 18:00 საათამდე გაგრძელდება. პარალელურად, ბილეთები ონლაინრეჟიმში under21ticekts.ge-ზე გაიყიდება.

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებზე დასწრების რეკორდი 1996 წლის ფინალში (ესპანეთი-იტალია) დაფიქსირდა – 34 600 გულშემატკივარი. შესაძლოა, როდესაც ამას კითხულობთ, ახალი რეკორდი უკვე დაფიქსირებულია.

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა საქართველოსა და ბელგიის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის 24 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. ამავე დროს „მიხეილ მესხზე“ ნიდერლანდები პორტუგალიას დაუპირისპირდება. საქართველო-ბელგიის მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.