საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მოლდოვასთან მატჩი ვერ გადაარჩინა #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ნისპორენის სტადიონზე მოლდოვასთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა და ამით ივნისის შეკრება დაასრულა.
რამაზ სვანაძის გუნდს საკადრო პრობლემები შეექმნა (ნაკრებს 8 მოთამაშე აკლდა), თუმცა თამაშზე უფრო დიდი გავლენა დაცვაში უყურადღებობამ მოახდინა. შედეგად, 63-ე წუთისთვის მასპინძლები ანგარიშით 3:0 დაწინაურდნენ.
საქართველოს ნაკრები მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდა და გიორგი კოხრეიძისა (70′) და რატი გრიგალავას (73′) გოლებით სხვაობა შეამცირა. გუნდი დარჩენილ წუთებშიც დიდი ძალებით უტევდა, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის ეს ბოლო ამხანაგური შეხვედრა იყო ევრო 2027-ის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე. მომდევნო მატჩს გუნდი 26 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე, საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.