საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილზე გადავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა წლის ბოლო მატჩი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიის 21-წლამდელთა გუნდთან სტუმრად გამართა და 1:0 გაიმარჯვა.

სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში ჩატარებულ შეხვედრაში რამაზ სვანაძის გუნდს ორი თავდამსხმელი გამოაკლდა, პაოკ-ის ფეხბურთელი ვასილიოს გორდეზიანი და თბილისის „დინამოს“ ფორვარდი ჯადული იობაშვილი.

შეხვედრა დაძაბული გამოვიდა, ინციდენტების გამო პირველ ტაიმში თამაში აზერბაიჯანელმა მსაჯმა, რაუფ ჯაბაროვმა სამჯერ შეაჩერა. განსაკუთრებით დაძაბული მე-40 წუთი იყო, როდესაც მასპინძლებმა ზედიზედ რამდენჯერმე იუხეშეს, მაგრამ არბიტრმა სამი ყვითლიდან ორი ქართველ ახალგაზრდებს აჩვენა.

შეხვედრა ორმხრივი შეტევებით დაიწყო. შემდეგ კი საქართველოს ნაკრებმა უკეთ შეუტია და მე-20 წუთზე გიორგი კვერნაძემ პირველი სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა მასპინძელთა მეკარემ საიმედოდ ითამაშა და გუნდი გადაარჩინა. ჩვენი ფეხბურთელები უტევდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში სიზუსტე აკლდათ.

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძელთა მცველმა და მეკარემ შეუთანხმებლად ითამაშეს და კვერნაძეს ანგარიშის გახსნა შეეძლო, თუმცა ბალკანელები აშკარა გოლისგან მეკარემ გადაარჩინა. 54-ე წუთზე ჩვენი გუნდი მაინც დაწინაურდა. ფლანგური გადაცემის შემდეგ საბა მამაცაშვილმა შესანიშნავი დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.

61-ე წუთზე ჩვენს გუნდს კიდევ ორჯერ შეეძლო უპირატესობის გაზრდა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა კვერნაძემ და ლუკა გაგნიძემ შესანიშნავი მომენტებით ვერ ისარგებლეს.

69-ე წუთზე მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ კიდევ ერთხელ დარჩა კვერნაძე. ის მცველმა ხელით და ფეხის კვრით შეაჩერა, მაგრამ არბიტრმა პენალტი არ დანიშნა, შეხვედრის დამატებულ წუთებზე კი ორივე გუნდიდან თითო მოთამაშე გააძევა. ჩვენი გუნდიდან წითელი ბარათი გიორგი მაისურაძემ მიიღო.

ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 10 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიის 21-წლამდე გუნდი 3 ქულით ბოლოსწინა, მე-5 პოზიციაზეა.