საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები შესარჩევ მატჩში მალტას შეხვდება - პირდაპირი რეპორტაჟი პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩს მალტასთან სტუმრად გამართავს – შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
ახალგაზრდულმა ნაკრებმა 13 ოქტომბერს მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშა, რომლის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და მეკარე მიხეილ მაქაცარიამ მომავალ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთეს:
რამაზ სვანაძე – „გუნდში ნორმალური განწყობაა, ეს დღეები ძალების აღსადგენად მაქსიმალურად გამოვიყენეთ. მალტასთან მატჩისთვის ფიზიკური კონდიციების მხრივ კარგად ვართ მომზადებული.
იოლ შეხვედრას არ ველოდებით, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ რაზეც ვარჯიშებზე ვმუშაობდით თუ ყველაფერი ბოლომდე შესრულდება, შედეგი დადებითი იქნება.

ზოგადად, ფეხბურთელებს ბევრი რამ აქვთ დასამტკიცებელი, ეს მატჩი ამ მხრივაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის და, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ვეცდებით, რომ საქართველში გამარჯვებულები დავბრუნდეთ“.
მიხეილ მაქაცარია – „მწვრთნელებთან ერთად მალტის ნაკრების შეხვედრები გავაანალიზეთ და ვიცით ამ გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები. გუნდში დადებითი განწყობაა, თამაშისთვის მზად ვართ, ვფიქრობ, სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ და საქართველოში გამარჯვებულები დავბრუნდეთ“.