საქართველოს 2017 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი თურქეთიდან დაბრუნდა - ოთხჯერ გავხდი ჩემპიონი და იქ ჩემი თავი ამოვწურე
საქართველოს 2017 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი თურქეთიდან დაბრუნდა - ოთხჯერ გავხდი ჩემპიონი და იქ ჩემი თავი ამოვწურე

საქართველოს 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა ქალმა, ნინო სუთიძემ, ქალთა ლიგაში ჩემპიონ „ნიკეში“ დებიუტი პოკერით აღნიშნა.

სუთიძე წლების მანძილზე თურქეთში თამაშობდა. მან „ნიკეს“ ფორმით სადებიუტო მატჩი საქართველოს ქალთა ჩემპიონატის ბოლო ტურში ბათუმის „დინამოსთან“ ჩაატარა, გუნდის კაპიტნის სამკლავურიც მოირგო და ქართულ ჩემპიონატში „ნათლობა“ პოკერით აღნიშნა.

„საქართველოში დაბრუნება განაპირობა იმან, რომ თურქეთში თამაში აღარ მსურდა. იქ, ჩემი თავი ამოვწურე, ოთხჯერ გავხდი ჩემპიონი, ვთამაშობდი ორ საუკეთესო გუნდში, რომლებიც რეგულარულად უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგას თამაშობდნენ. რამდენიმე ევროპულ კლუბთან მოლაპარაკებას ვაწარმოებდი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შევთანხმდით და ბოლოს, საქართველოს ჩემპიონ გუნდში თამაში გადავწყვიტე. აქ დაბრუნებით ახალი გამოწვევების სურვილი მქონდა“, – ამბობს სუთიძე.

გამოცდილმა ფეხბურთელმა სადებიუტო მატჩზეც ილაპარაკა – „პირველივე შეხვედრაში ჩემპიონ „ნიკეს“ კაპიტნობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. მთელი ჩემი კარიერა ნაკრებშიც და კლუბებშიც მცველად ვთამაშობდი. ახალი გამოწვევები როგორც კლუბს, ასევე მეც მიყვარს და თავდასხმაში თამაშს დავთანხმდი. ვფიქრობ, შედეგიანი თამაში გამოცდილების ხარჯზე მოვახერხე. საინტერესო პოზიციაა, საქმე იმანაც გამიმარტივა, რომ ვიცი, მცველი ფორვარდის წინააღმდეგ როგორ თამაშობს“.