საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი - ელიტ რაუნდში გასვლა მოულოდნელი არ ყოფილა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი - ელიტ რაუნდში გასვლა მოულოდნელი არ ყოფილა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები უნგრეთიდან დაბრუნდა, სადაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი შესანიშნავად ჩაატარა და ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვა.

რამაზ სვანაძის გაწვრთნილებმა სამივე თამაში მოიგეს: მასპინძელ უნგრეთთან – 4:2, ყაზახეთთან – 3:1, ხოლო ფავორიტად აღიარებულ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიის მომავალ თაობასთან – 2:0.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გუნდის გამოსვლა საქართველოს პირველ არხთან შეაჯამა.

„ეს არა მხოლოდ საქართველოს საფეხბურთო სამყაროს სახელია, არამედ მთელი ქვეყნის, რომ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის, ხორვატიის მომავალი თაობის ჯგუფში საქართველომ გაიმარჯვა. ჩვენ კი მასპინძელი უნგრეთი და ხორვატია დამაჯერებლად დავამარცხეთ. მიმაჩნია, რომ საქმე გაკეთდა თავად ფეხბურთელების მომავლისთვის და ზოგადად, ქართული ფეხბურთის სახელისთვის“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

რამაზ სვანაძემ გუნდის წარმატებული გამოსვლის წინაპირობაზეც ილაპარაკა:

„ტურნირისთვის ერთი წელი ვემზადებოდით, რაც ფეხბურთის ფედერაციის დამსახურებაა, რომელმაც კარგი პირობები შეგვიქმნა და მქონდა იმედი, რომ ამ ეტაპს გადავლახავდით. კარგად იმუშავა სამწვრთნელო შტაბმა და მოთამაშეები საქმეს პროფესიულად მიუდგნენ. გარდა ამისა, ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელებიც დავიმატეთ, რისთვისაც ფეხბურთის ფედერაციას და ნაკრებების კურატორ ალექსანდრე იაშვილს მადლობას ვუხდი“.