საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მოთამაშემ „ტვენტესთან“ კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მოთამაშემ „ტვენტესთან“ კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების ჩემპიონატის ბინადარ „ტვენტესთან“ კონტრაქტი გააფორმა. გუნდის პრესსამსახურის ცნობით, 19 წლის ნახევარმცველი „ტვენტესა“ და „აიაქსის“ აკადემიებში ვარჯიშობდა და ხელშეკრულება 2+1 პრინციპითაა დადებული.

„ირაკლი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ ამ სეზონში მთავარ გუნდში საჭირო გამოცდილება მიიღო და კარგად განვითარდა. მას დიდი სურვილი აქვს, მიაღწიოს წარმატებას და დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალ სეზონში ის შეძლებს ახალი ნაბიჯის გადადგმას“, – ამბობს „ტვენტეს“ ტექნიკური დირექტორი იან სტროიერი.

„ირაკლი ეგოიანი საქართველოში დაიბადა და მშობლებთან ერთად ნიდერლანდებში პატარა ასაკში ჩავიდა. 9 წლის ნიჭიერმა ბიჭმა თამაში „აიაქსის“ ახალგაზრდულ აკადემიაში დაიწყო, 2017 წლის ზაფხულში კი „ტვენტეში“ გადავიდა. მისთვის განსაკუთრებული მომენტია, რადგან პირველ სრულფასოვან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მიმდინარე სეზონის მოსამზადებელი ეტაპიდან დაწყებული, ეგოიანი მთავარ გუნდის განაცხადში რეგულარულად იყო“, – წერია „ტვენტეს“ ოფიციალურ გვერდზე.

„ჩემი დიდი ოცნება იყო, პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი. ეს კონტრაქტი ჩემთვის ძალიან დიდი ჯილდო და შვებაა. ამისთვის ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი და ადრეული ასაკის წარუმატებლობებმა და საკუთარი ძალებისადმი ეჭვებმა მხოლოდ გამაძლიერა.

ძალიან კარგი სეზონი მქონდა. შარშან 18-წლამდელთა ნაკრების შეკრებიდან დაბრუნებული პირველ გუნდში გადამიყვანეს, ზამთრის შესვენებაზე კი შეკრებაზე წავედი. მოკლე დროში ბევრი ვისწავლე და ვიცი, რომ ჯერ კიდევ მაქვს გასაუმჯობესებელი რაღაც ასპექტები, მაგრამ მომავალზე საუბარი არ მსურს და ახალ სეზონზე საერთოდ არ ვფიქრობ. უბრალოდ, მინდა ყოველდღე ფეხბურთზე ვიფიქრო. თუ შრომას გააგრძელებ, საბოლოოდ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

2017 წლიდან ვცხოვრობ რამიზ ზერუკის („ტვენტეს“ ალჟირელი ნახევარმცველი) ოჯახში. მისი მადლიერი ვარ, რადგან ყოველთვის და ყველგან მეხმარებოდა. არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის გარეთაც, საუკეთესო ადამიანია“, – ამბობს ეგოიანი.