საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ისლანდიასთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა, რითაც ლიგა B-დან ლიგა A-ში დაწინაურების შანსი ხელიდან გაუშვა.
თბილისში ჩატარებულ მინიტურნირში მხოლოდ სამი გუნდი მონაწილეობდა. ვინაიდან 19-წლამდელებმა მონტენეგროსთან შეხვედრა 1:1 დაასრულეს (ისევე, როგორც ისლანდია-მონტენეგროს მატჩი დასრულდა ფრედ), ჯგუფში პირველობისთვის ზურაბ ხიზანიშვილის გუნდს მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს.
ჩვენმა გუნდმა ანდრია ბართიშვილისა და საბა ხარებაშვილის გოლებით წონასწორობა ორჯერ აღადგინა, თუმცა 90+8-ე წუთზე სტუმრებმა დაცვის შეცდომით ისარგებლეს და გაბრიელ გუნარსონის გოლით გაიმარჯვეს.
შედეგად, ისლანდიამ ჯგუფური ეტაპი 4 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა, ხოლო საქართველოს ნაკრები 1 ქულით ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.