საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდის სტარტზე ჩეხეთთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდის სტარტზე ჩეხეთთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ასაკობრივმა გუნდმა დღეს ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში პირველი მატჩი ჩეხეთთან ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.

იტალიაში მიმდინარე ოთხთა ტურნირზე (მე-5 ჯგუფი) ვასილ მაისურაძის 19-წლამდელთა გუნდმა გოლი სწრაფად გაუშვა. ჩეხეთის ნაკრების მცველმა, ზდენეკ ტომანმა საქართველოს ნაკრებს მე-4 წუთზე გაუტანა.

ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი სახიფათო მომენტი 30-ე წუთზე შექმნეს, მაგრამ საბა სამუშიას დარტყმაზე მეკარე ვიქტორ ბაიერმა კარგი რეაქცია გამოავლინა. ჩეხები ჩვენს კარს 59-ე წუთზეც დაემუქრნენ, მაგრამ პლანკის დარტყმას მეკარე რევაზ კურტანიძე გადაეღობა.

საქართველოს ნაკრები თამაშის გადარჩენას ცდილობდა, შეუტია და კარში მეტოქეზე მეტჯერ დაარტყა, მაგრამ ჩეხების მეკარემ თამაში დამაჯერებლად ჩაატარა და გუნდს ელიტრაუნდის პირველი სამი ქულა მოუტანა.

U19 მოთამაშის კვალიფიკაცია – ელიტრაუნდი

საქართველო U19 – ჩეხეთი U19 0:1

გოლი: 0:1 ტომანი (4).

საქართველო: კურტანიძე – ბუკია, ნარიმანიძე, გიუნაშვილი – ნ. ცეცხლაძე, ნ. ბერელიძე (63. ბასილაძე), გ. ცეცხლაძე (75. გეგუჩაძე), ლორთქიფანიძე, ჩიქოვანი (75. ფაღავა) – სამუშია (81. ფრიდონიშვილი) – შეროზია (63. მაშავა).

პირველი ტურის შემდეგ 3 ქულით მასპინძელი იტალია გალიდერდა, რომელიც ლინიანოში, „სტადიო გვიდო ტეგილიაზე“ შოტლანდიას დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. 3 ქულა აქვს ჩეხეთსაც, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილზეა.

შემდეგი შეხვედრები 23 მარტს გაიმართება. 19-წლამდელთა ნაკრები მანძანოში შოტლანდიას დაუპირისპირდება, ხოლო იტალია – ჩეხეთს.