საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა #1TVSPORT
ხორვატიაში ევრობასკეტის B დივიზიონი დაიწყო, სადაც საქართველოს 18-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებმა სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ანატოლი ბოისას შეგირდები ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდს შეხვდნენ და მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით, 83:66 სძლიეს.
მატჩის პირველი ნახევარი თანაბარი ანგარიშით, 36:36 დასრულდა, თუმცა მესამე პერიოდში ქართველებმა 22:13 იმარჯვეს და მოპოვებული უპირატესობა თამაშის დასრულებამდე ხელიდან აღარ გაუშვიათ.
ჩვენი გუნდის მხრიდან ყველაზე შედეგიანი მათე ყავლაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც აქტივში 17 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი ჩაიწერა. 11 ქულით, 7 მოხსნითა და 9 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა მათე ხატიაშვილი. ილია სულაძემ შეხვედრა ორმაგი დუბლით (11 ქულა, 10 მოხსნა) დაასრულა, ხოლო დავით და საბა ფაჩულიებმა ნაკრებს 13 და 10 ქულა შესძინეს.
D ჯგუფში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად, შვედეთის, უნგრეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებები ასპარეზობენ. ქართველი კალათბურთელები მომავალ მატჩს 25 ივლისს შვედების წინააღმდეგ ჩაატარებენ.