საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ბოსნია და ჰერცეგოვინა დაამარცხა #1TVSPORT

23:40, 28.07.2026

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მიჯრით მესამე მატჩი მოიგო. ანატოლი ბოისას შეგირდებმა ბოსნიასა და ჰერცეგოვინას ანგარიშით 83:66 აჯობეს, რითაც D ჯგუფში პირველ ადგილს უნგრეთის ნაკრებთან ერთად იყოფენ.

ქართველმა კალათბურთელებმა უპირატესობა პირველივე წუთებიდანვე მოიპოვეს და მეტოქეს წინ გასვლის შანსი არ დაუტოვეს.

გუნდი ეფექტურად მოქმედებდა როგორც ფარქვეშ, ისე პერიმეტრზე. განსაკუთრებით გამოსარჩევია მათე ხატიაშვილისა და მათე ყავლაშვილის დუეტი. ხატიაშვილმა 10 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში, ყავლაშვილი კი შორი დისტანციიდან (4 სამქულიანი) გამოირჩეოდა ზუსტი სროლებით და გუნდს 21 ქულა შესძინა.

საქართველოს ნაკრების რიგებში გამორჩეული სტატისტიკა ჰქონდათ:

მათე ყავლაშვილი: 21 ქულა (მათ შორის 4 სამქულიანი)

დავით ფაჩულია: 17 ქულა და 5 მოხსნა

ილია ქურდაძე: 10 ქულა, 6 მოხსნა და 4 დაფარება

გიორგი დოხნაძე: 9 ქულა და 8 მოხსნა

მათე ხატიაშვილი: 8 ქულა, 10 ასისტი

ამ გამარჯვებით საქართველომ 1/4-ფინალში თამაშის უფლება უკვე მოიპოვა. თუმცა პლეიოფში გასვლისას ჯგუფში დაკავებულ პოზიციას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჯგუფური ეტაპის ბოლო და გადამწყვეტი მატჩი საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებებს შორის 29 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ამ შეხვედრაში გაირკვევა, ვინ გავა ჯგუფში პირველ ადგილზე.

მსგავსი