საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე კვიპროსი 22 ქულით დაამარცხა [ვიდეო]

დიმიტრი ჯაკობოვის, დავით როგავასა და ტიჰომირ ბუჯანის გაწვრთნილმა გუნდმა მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცეში მიმდინარე კონტინენტის „ბ“ დივიზიონში კვიპროსის ნაკრები დაამარცხა. ჯგუფურ ეტაპზე ჰოლანდიასთან და ირლანდიასთან მარცხის შემდეგ, ქართველებმა მესამე ტურში ნავსი გატეხეს და მათსავით ორი წაგების მქონე კვიპროსი 22 ქულის სხვაობით – 72:50 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრებმა პირველი პერიოდი ექვსი ქულით მოიგო, ხოლო მეორე ათწუთეულში მეტოქე საბოლოოდ გატეხა. გააზრებულად და რაც მთავარია, ზუსტად მოთამაშე ქართველებმა მეორე პერიოდი 26:12 მოიგეს და დიდ შესვენებაზე გულდამშვიდებულები – 20-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.

საქართველოს ნაკრების უპირატესობა იმდენად სოლიდური გახლდათ, მიზერული შანსი იყო იმისა, რომ კვიპროსელებს მეორე ნახევარში რამე შეეცვალათ და წარმატებისთვის მიეღწიათ. დიდი მონდომების მიუხედავად, კუნძულელებმა მხოლოდ ის მოახერხეს, რომ მესამე პერიოდი ორი ქულით მოიგეს. ბოლო პერიოდში ქართველებმა დაიბრუნეს მატჩის სადავეები და მატჩის ბოლომდე ლიდერობა 22 ქულამდე გაზარდეს.

მატჩის ყველაზე სარგებლიანი მოთამაშე ლუკა ლიკლიკაძე გახლდათ, რომელმაც 15 ქულა, ცხრა პასი, რვა მოხსნა და სამი ჩაჭრა მოაგროვა. ბომბარდირი გახდა ლუკა ავალიანი, რომელმაც 17 ქულასთან ერთად მატჩში უმეტესი ექვსი ჩაჭრა და შვიდი მოხსნაც მიითვალა. 10 ქულა და ცხრა მოხსნა ჰქონდა გიორგი სულაბერიძეს, ხოლო სანდრო კასაბურმა შეხვედრა ცხრა ქულით დაასრულა.

საქართველოს ნაკრებს ერთ მოგების წილ ორი მარცხი აქვს და ჯგუფში კიდევ ორი მატჩი დარჩა გასამართი – 12 აგვისტოს ჯგუფის ლიდერ ჩეხეთთან და 13 აგვისტოს პორტუგალიასთან. ხვალ, 11 აგვისტოს, ევროპის ჩემპიონატზე დასვენების დღეა.

წყარო – საქართველოს კალათბურთის ფედერაცია