საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა თებერვლის შეკრება თურქეთთან მატჩით დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, რომელიც ევროშესარჩევი ციკლისთვის ემზადება, ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში თურქეთთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 1:3 დამარცხდა.
გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 25 თებერვალს გაიმართა და ისიც სტუმრებმა მოიგეს – 1:2. ამჯერად თურქების კარში ერთადერთი გოლი „დინამო თბილისის“ თავდამსხმელმა, სანდრო მიქაუტაძემ გაიტანა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
სანდრო კობახიძის გუნდის მომდევნო შეკრება აპრილშია დაგეგმილი, სადაც საქართველოს 16-წლამდელები მოლდოვაში განვითარების თასზე ითამაშებენ. ოქტომბერში კი ეს ასაკობრივი ნაკრები 17-წლამდელთა ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევას შეეცდება.
16-წლამდელთა ნაკრები შემოდგომაზე შესარჩევ ციკლში ისლანდიასა და საბერძნეთს დაუპირისპირდება. სამგუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ორი საუკეთესო გუნდი გავა. ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს.