საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ბულგარეთს შეხვდა - უმცროსმა კვარაცხელიამ მორიგი გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ბულგარეთში მიმდინარე უეფა-ს განვითარების თასზე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები მასპინძლებს დაუპირისპირდა და დასაწყისში მოპოვებული კომფორტული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

გიორგი ჩიტაურის გუნდი მე-10 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსმა ძმამ, თორნიკე კვარაცხელიამ ეფექტური გოლით დააწინაურა. მალე კალოიან ნედევიმ პენალტი ვერ გამოიყენა, ხოლო 42-ე წუთზე კვარაცხელიამ ისევ გამოიჩინა თავი – მისი გადაცემით ნიკოლოზ სახვაძემ ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში ბულგარელები ალექსანდრ სირაკოვმა გადაარჩინა – მან 46-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, ხოლო 90+4-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა – 2:2. დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც მასპინძლებმა უკეთ შეასრულეს – 5:3.

ამ შედეგით ბულგარეთმა 2 ქულა მოიპოვა, ხოლო საქართველოს ანგარიშზე ქულა ჩაიწერა. ბოლო ტურის წინ 5 ქულით მასპინძლები ლიდერობენ, ხოლო საქართველო (4) მეორე პოზიციაზეა.

გიორგი ჩიტაურის გუნდი ტურნირის ბოლო შეხვედრას კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ოთხშაბათს, 8 აპრილს, თბილისის დროით 12:00 საათზე გაიმართება.