საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრები უეფა-ს განვითარების თასის გამარჯვებულია - საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელიას ძმა დაასახელეს #1TVSPORT
საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერევანში გამართულ უეფა-ს განვითარების თასის ბოლო ტურში უზბეკეთის ნაკრები 3:0 დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა.
ქართველმა ჭაბუკებმა პირველ ტურში პენალტების სერიაში ლატვია დაამარცხეს, ასევე პენალტების სერიაში სომხეთთან დამარცხდნენ, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში უზბეკებს 3:0 სძლიეს. თავი გუნდის კაპიტანმა ანდრია ფოცხვერიამ, დავით მაჭარაშვილმა და ნიკოლოზ დუნდუამ გამოიჩინეს.
ამ მოგებით გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა გუნდმა 6 ქულა დააგროვა და უეფა-ს განვითარების თასის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ჩიტაურის ხელმძღვანელობით საქართველოს 15-წლამდე ნაკრებმა ერევანში გამართული განვითარების თასი 2022 წლის მაისშიც მოიგო.

საუკეთესო ბომბარდირი ნიკოლოზ დუნდუა (4 გოლი) გახდა, რომელმაც გოლების გატანა, უზბეკეთის გარდა, სომხეთთან (დუბლი) და ლატვიასთან მატჩებშიც შეძლო.
ხვიჩა კვარაცხელიას ძმა – თორნიკე კვარაცხელია ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, ხოლო გამარჯვებულის თასი ჩვენი ასაკობრივი ნაკრების კაპიტანს, ანდრია ფოცხვერიას სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან’ტ სხიპმა გადასცა.