საქართველომ სომხეთი 52 ქულიანი სხვაობით დაამარცხა და დღეს შვედეთს პრინციპულ მატჩში დაუპირისპირდება
საქართველომ სომხეთი 52 ქულიანი სხვაობით დაამარცხა და დღეს შვედეთს პრინციპულ მატჩში დაუპირისპირდება

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში მეორე გამარჯვება მოიპოვა.

მილოშ გლიგორიევიჩის გუნდის მეტოქე აუტსაიდერი სომხეთი იყო, რომელმაც პირველ ტურში შვედეთთან სამარცხვინო ანგარიშით 26:149 წააგო. ქართველებმა სომხებს 52 ქულით – 98:46 მოუგეს და ეს მატჩი მწვრთნელთა შტაბმა, რომელშიც გლიგორიევიჩთან ერთად ჯაბა ბაქრაძე და ირაკლი ძიძიგური შედიან, გუნდის შესათამაშებლად გამოიყენა.

თუკი პირველ, ჰოლანდიასთან მოგებულ მატჩში მოედანზე ათი მოთამაშე ვიხილეთ, სომხეთთან კი თორმეტივე კალათბურთელმა ითამაშა.საქართველოს ნაკრებში მეტოქის ფარი ყველამ დალაშქრა. შედეგიანობით საუკეთესო ბერდია ქავთარაძე გახლდათ, რომელმაც 14:41 წუთში 7 ქულა, 7 პასი და 5 ჩაჭრა მიითვალა და სარგებლიანობის უმაღლესი ინდექსი (19) დააფიქსირა. ლუკა მაზიაშვილმა (18 ინდექსი) 11 ქულა, 5 ჩაჭრა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ნიკოლოზ მეცხვარიშვილმა 14 ქულა მოაგროვა, ვახტანგ გაფრინდაშვილის ანგარიშზე კი 12 ქულა და 4 მოხსნა დაგროვდა.

მეორე ტურში ჯგუფიდან გასვლის კანდიდატების – ესტონეთისა და შვედეთის მატჩი გაიმართა, რომელიც ესტონელთა გამარჯვებით – 59:56 დასრულდა. მესამე შეხვედრაში ჰოლანდიამ კოსოვო 88:40 გაანადგურა.

დღეს, 14 ივლისს საქართველო შვედეთს შეხვდება და მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლას ფაქტიურად გაინაღდებს. შეხვედრა თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება.